Mercedes-მა Nissan-ში წილი გაყიდა| რა ვიცით გარიგებაზე?
გერმანული ავტომწარმოებლის, Mercedes-Benz-ის საპენსიო ტრასტმა იაპონიის Nissan Motor-ში წილი 47.83 მილიარდ იენად, არსებული კურსით, $324.65 მილიონად გაყიდა. გარიგების დასრულება გამოცემებს საკითხთან დაახლოებულმა წყარომ დაუდასტურა.
Mercedes-Benz-მა ავტომწარმოებელში 3.8%-იანი წილის გაყიდვა ორშაბათს თავადაც დააანონსა. გერმანული კომპანიის განცხადების შემდეგ, Nissan-ის აქციების ღირებულება დაახლოებით 6%-ით დაეცა. Nissan-ის აქციების ვარდნა ხაზს უსვამს ინვესტორების სკეპტიციზმს კომპანიის აღდგენის პერსპექტივებთან დაკავშირებით, რომელიც Mercedes-ის გადაწყვეტილებამდეც არასახარბიელო ფინანსურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
შიდა ფინანსური პრობლემების გარდა Nissan-ი, აშშ-სა და ჩინეთში, მის ძირითად ბაზრებზეც აწყდება გამოწვევებს. მათ შორის აშშ-ში - ტარიფების მიზეზით. ავტომწარმოებელმა ივნისში დასრულებული სამი თვის განმავლობაში 535 მილიონი დოლარის ზარალი მიიღო.
Mercedes-ის მიერ აქციების გაყიდვა Nissan-ის მხრიდან, კომპანიის დიდი ხნის პარტნიორ და მთავარ აქციონერ Renault-თან შეთანხმების მიღწევას მოჰყვა. გარიგებით პარტნიორობის პირობები შეიცვალა. წყაროს ცნობით, Mercedes-Benz-მა Nissan-ის აქციები 341.3 იენად გაყიდა, რაც 5.98%-ით დაბალი შეფასებაა, თუ ორშაბათს, Nissan-ის აქციების ღირებულებას გავითვალისწინებთ.
წყაროს თქმით, გარიგების ათ უმსხვილეს ინვესტორს გაყიდული აქციების დაახლოებით 70% გადაეცა. Nissan-მა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა. ხოლო Mercedes-ის წარმომადგენელმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ Nissan-ში წილი, რომელიც 2016 წელს მის საპენსიო აქტივებში გადავიდა, სტრატეგიული მნიშვნელობის არ იყო და მისი გაყიდვა პორტფელის გაწმენდად შეაფასა.