ის, რაც მხოლოდ შაკს შეუძლია: ყველაზე გრძელი C8 Corvette
შაკილ ო’ნილისგან ავტომობილების გადაკეთება და თავის ზომაზე „მორგება“ უკვე აღარავის გვიკვირს. 2.16 სიმაღლის გიგანტს მანქანების მოდიფიცირება ძალიან უყვარს და მის კოლექციაშიც ინდივიდუალი და გამორჩეული მოდელები საკმაოდ ხშირად გვხვდება. ამჯერად, NBA-ის აწ უკვე ყოფილმა სუპერვარსკვლავმა C8 Corvette-ს დაადგა თვალი და ეს საქმე ტუნინგ კომპანია Effortless Motors-ს მიანდო.
თქვენ წინაშე C8 Corvette Z06-ია - შთამბეჭდავი ვიზუალის მქონე მოდელი, თუმცა ქარხნულ ვერსიასთან შედარებით შესამჩნევად, 50 სანტიმეტრით უფრო გრძელი. ცნობისთვის, ქარხნულად სტანდარტული Corvette-ის სიგრძე 4.7 მეტრია.
როგორც გავრცელებული ფოტოებიდან შეგვიძლია ვივარაუდოთ, ამ კონკრეტული ცვლილების დიდი ნაწილი ავტომობილის უკანა მხარეზე მოდის. ამის მიუხედავად, მაინც ისეთი შეგრძნება იქმნება, რომ რიგითი ადამიანების უმრავლესობა ამ განსხვავებას ვერც კი შეამჩნევდა - რა თქმა უნდა, თუ მის შესახებ არ ეცოდინებოდა.
„როგორც იქნა, ის აქ არის ! - სპეციალურად ლეგენდისთვის, შაკილ ო’ნილისთვის შექმნილი Corvette Z06! ლოდინად ნამდვილად ღირდა! მისი მართვა ოცნების ტოლფასია, ამასთან ერთად კი იდეალურად ერგება 2.16 მეტრის სიდიადეს. ჩვენ შევქმენით Z06, რომელიც The Big Diesel-ს კომფორტულად და ელეგანტურად ერგება“, - წერს Effortless Motors-ი საკუთარ გვერდზე.
უნდა ითქვას, რომ შაკი მოდიფიცირებულ ვერსიაში ტექნიკურად „ეტევა“, თუმცა ეს ამ ამბის მხოლოდ ნაწილია. ავტომობილს საკმაოდ დაბალი სახურავი აქვს, ისეთი, რომ შესაძლოა მასში ჩაჯდომა სტანდარტული სიმაღლის ადამიანსაც გაუჭირდეს. სავარაუდოდ, შაკს მანქანის მართვისას სავარძლის დადაბლებაც მოუწევს, მაგრამ მაინც საკითხავია კომფორტული იქნება თუ არა კალათბურთელსთვის ყოველდღიურად ამ Z06-ით გადაადგილება.