თბილისი, თბილისის მერია, სატრანსპორტო კვანძი
Aa
Aa

თბილისში ახალი სატრანსპორტო კვანძის მოწყობა დასრულდა | რა ვიცით პროექტის შესახებ?

ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროსა და კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის კვეთაზე სატრანსპორტო კვანძის მოწყობა დასრულდა. პროექტის ფარგლებში, ტერიტორიის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა. მათ შორის ჩატარდა საგზაო სამუშაოები, განახლდა და რეაბილიტირდა სანიაღვრე ქსელი, დაეგო ასფალტის საფარი, მოეწყო უსაფრთხოების კუნძულები და ტროტუარი. ამასთან ერთად, დაიხაზა გზის სავალი ნაწილი და დამონტაჟდა ე.წ. „ჭკვიანი“ შუქნიშნები. 

ოფიციალური განცხადების თანახმად, მიღებული მონაცემებით, აღნიშნული მონაკვეთი დედაქალაქისთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული წერტილი იყო, სადაც ხშირად ფიქსირდებოდა უბედური შემთხვევები. ახალი პროექტის ფარგლებში, „ აღნიშნული კვანძი სრულად მოწესრიგდა, მოეწყო ზებრა გადასასვლელები და ტროტუარი. სანაპიროსთან ქვეითად დაკავშირება უკვე შესაძლებელია ზებრა გადასასვლელით. ასევე, დამონტაჟდა ე.წ. ჭკვიანი შუქნიშნები, რომელიც ხელოვნური ინტელექტით მუშაობს - არეგულირებს გადაადგილებას, ითვლის ნაკადებს და პრიორიტეტს ანიჭებს დატვირთულ მიმართულებას“. 

პროექტის ფარგლებში დამონტაჟა გარე განათების ახალი ქსელი LED-სანათებით, გზის სავალი ნაწილის მიმდებარედ კი, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები. გზაგამყოფ კუნძულებზე მოეწყო სარწყავი სისტემა, დაირგო 931 ძირი სხვადასხვა სახეობის ნერგი და 914 კვ.მ ფართობზე დაიგო ბალახის საფარი. სამუშაოების საერთო ღირებულება 3 მლნ ლარს შეადგენს.

 

 

მსგავსი სიახლეები