ბულგარელმა მილიარდერმა ბავშვობის ოცნება ქვეყნის პირველ საერთაშორისო ავტოდრომად აქცია
ამიერიდან, ბედნიერების მიზეზი ბულგარეთში მცხოვრებ ავტომოყვარულებსაც ექნებათ... ქალაქ სამოკოვთან მდებარე A1 Motor Park ოფიციალურად გაიხსნა — ეს ქვეყნის ისტორიაში პირველი საერთაშორისო დონის ავტოდრომია. ცნობილი იუთუბერის, მარკ მაკკენის ბოლო ვიდეო სწორედ ამ სიახლეს ეძღვნება. ეს FIA-სა და FIM-ის მიერ სერტიფიცირებული ტრასაა, რომელსაც უახლოეს მომავალში ისეთი მასშტაბური შეჯიბრების მასპინძლობა შეეძლება როგორიც World Superbike სერიებია.
A1 Motor Park-ის მონაცემები ნებისმიერ პროფესიონალ მრბოლელს დააინტერესებს — ტრასის მთლიანი სიგრძე 3.91 კილომეტრს შეადგენს და ის 15 რთულ მოსახვევს აერთიანებს. განსაკუთრებით შთამბეჭდავია 900-მეტრიანი მთავარი სწორი მონაკვეთი, სადაც სპორტულ ავტომობილებს 280 კმ/სთ-ზე მაღალი სიჩქარის განვითარება შეუძლიათ. პროექტის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნაწილი მისი მრავალფუნქციურობაა — ტრასას 21 სხვადასხვა კონფიგურაციით ფუნქციონირება შეუძლია, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთ სივრცეში რამდენიმე სხვადასხვა ტიპის რბოლის ჩატარებაა შესაძლებელი.
ტრასამ უკვე მიიღო FIA Grade 3 და FIM Grade B ლიცენზიები. აღსანიშნავია ისიც, რომ მშენებლობა რეკორდულ დროში დასრულდა — 2025 წლის მარტში ჩაყრილი საძირკველიდან 2026 წლის 21 მარტის გრანდიოზულ გახსნამდე სულ რაღაც ერთი წელი გავიდა.
გახსნის ცერემონიაზე ბულგარეთის ამომავალმა ვარსკვლავმა, ფორმულა 2-ის მრბოლელმა ნიკოლა ცოლოვმა პირველი საზეიმო წრე Dallara GP2/11 ბოლიდით შეასრულა, რითაც ავტოდრომი ოფიციალურად „მოინათლა“. ტრასის გრაფიკი უკვე დატვირთულია და პირველივე სეზონში ის ისეთ სერიებს უმასპინძლებს, როგორებიცაა Bulgarian Endurance Series 999 და BMW Cup.
ამ მასშტაბური პროექტის უკან კერძო ინვესტორთა ჯგუფი დგას, რომლის ლიდერიც კომპანია Glavbolgarstroy-ს თავმჯდომარე კალინ პეშოვია. პეშოვისთვის ეს პროექტი ბავშვობის ოცნებაა — როგორც მან გახსნისას აღნიშნა, თავდაპირველად მხოლოდ პატარა ტრასის აშენებაზე ფიქრობდა, თუმცა საბოლოოდ იდეა ოთხკილომეტრიან თანამედროვე ავტოდრომად გარდაიქმნა.
ბულგარელმა მილიარდერმა აღნიშნა, რომ ეს ტრასა მხოლოდ ინვესტორებს არ ეკუთვნით — ის მთელი ქვეყნის საკუთრებაა და ღიაა ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც ავტომობილი, მოტოციკლი ან უბრალოდ ავტოსპორტისადმი ინტერესი აქვს.