საშინელი ავარია კალიფორნიაში | როგორც ჩანს, Porsche-ს ფრენა არ შეუძლია
კალიფორნიაში, მალიბუს მთებში, შემზარავი ავარია მოხდა, რომლის მთავარი „გმირიც“ თეთრი ფერის Porsche 911 GT3 RS-ია. 250 000-დოლარიანი სპორტული ავტომობილი Saddle Peak-ის გზაზე მოძრაობისას სავალი ნაწილიდან გადავარდა და დაახლოებით 30 მეტრის სიმაღლის ფერდობზე რამდენჯერმე გადაბრუნდა. მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილი ფაქტობრივად განადგურდა, მასში მყოფი ორი ახალგაზრდა მამაკაცი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა.
ინციდენტი 14 აპრილს, დაახლოებით 16:30 საათზე მოხდა. კადრებში, რომლებიც ვერტმფრენიდან არის გადაღებული, ჩანს, რომ Porsche-ს ძარაზე ერთი დაუზიანებელი დეტალიც კი არ დარჩენილა: სახურავი ჩავარდნილია, პანელები დაღუნულია, ხოლო უსაფრთხოების ბალიშები სრულადაა გახსნილი. თუმცა, ექსპერტების ყურადღება მიიპყრო იმ ფაქტმა, რომ ავტომობილის ძირითადი სტრუქტურა (უსაფრთხოების კაფსულა) გასაოცრად კარგად შენარჩუნდა, რამაც მგზავრებს გადარჩენის შანსი მისცა.
ადგილზე მისულმა მაშველებმა 20 წლამდე ასაკის ორი მამაკაცი იპოვეს, რომლებსაც პირველადი დახმარება გამვლელებმა აღმოუჩინეს. დაშავებულები ვერტმფრენით ჰოსპიტალში გადააფრინეს. ექიმების განცხადებით, მათ სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ აღენიშნებათ, ეს კი ავტოსაგზაო შემთხვევის მასშტაბის გათვალისწინებით, ნამდვილად საოცარია. 
ავარიის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა შემთხვევის ადგილზე პოლიციასთან ერთად კიდევ ერთი სპორტული ავტომობილი — BMW M5 შენიშნეს, რომელიც იქვე ახლოს იყო გაჩერებული. ეს აჩენს ეჭვს, რომ ადგილი შესაძლოა, რბოლას ჰქონოდა.
911 GT3 RS Porsche-ს საწარმოო ხაზის ერთ-ერთი ყველაზე ექსტრემალური წარმომადგენელია. ის 4-ლიტრიანი ატმოსფერული ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას სულ რაღაც 3 წამში ახერხებს. ავტომობილის კონსტრუქციაში ფართოდ გამოიყენება ნახშირბადის ბოჭკოვანი არმირებული პლასტმასი (CFRP), რაც მას წარმოუდგენლად მსუბუქს და ამავდროულად მტკიცეს ხდის. სავარაუდოდ, მგზავრებს სიცოცხლე სწორედ ამ საინჟინრო მიღწევებმა შეუნარჩუნა.