ჩინეთი, ელექტრომობილები, ბიუაიდი, ბივაიდი, ევროპის საავტომობილო ლობი
Aa
Aa

BYD გეგმავს ჩინეთიდან ევროპის საავტომობილო ლობის პირველი წევრი გახდეს

ჩინური ავტომწარმოებელი BYD ევროპის საავტომობილო ლობისტურ ჯგუფში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს. ლობის წევრობა ჩინურ კომპანიას ხმის უფლებას მისცემს იმ რეგიონში, სადაც მას ელექტრომობილების იმპორტზე მაღალი ტარიფების გადახდა მოუწევს.

მსოფლიოში ელექტრომობილების უმსხვილესმა მიმწოდებელმა ევროპის ავტომობილების მწარმოებელთა ასოციაციის (ACEA) წევრობაზე განაცხადი უკვე შეიტანა. BYD-ის მიერ განაცხადის წარდგენა გამოცემა Bloomberg News-თან ლობის წარმომადგენელმაც დაადასტურა. მისივე განცხადებით, BYD-ის გაწევრიანებაზე გადაწყვეტილება ამ დროისთვის მიღებული არ არის.

დადებითი პასუხის შემთხვევაში, BYD პირველი ჩინური ავტომწარმოებელი გახდება, რომელიც აღნიშნულ ჯგუფს შეუერთდება. ბრიუსელში დაფუძნებულ ACEA-ს, რომელიც ევროპის კავშირის ინსტიტუტებში ინდუსტრიის სახელით ლობირებს, 17 წევრი ჰყავს — ძირითადად ევროპიდან. თუმცა ჯგუფში რამდენიმე არაევროპული კომპანიაც გვხვდება, მათ შორის ამერიკული Ford-ი და იაპონური Honda, მაგრამ ამ დრომდე არცერთი ჩინეთიდან.

ასევე დაგაინტერესებთ: როგორ იგებს ჩინეთი ელექტრომობილების ომს?

ეს ნიშნავს, რომ ACEA არის მთავარი რგოლი, რომელიც ბლოკის სტრუქტურებთან ავტოინდუსტრიის სახელით მოლაპარაკებებს აწარმოებს. წევრობა BYD-ს ბრიუსელში ხმის უფლებას მოუპოვებს, რაც საშუალებას მისცემს მონაწილეობა მიიღოს რეგულაციების, ეკოლოგიური სტანდარტებისა და სავაჭრო პოლიტიკის შემუშავებაში.

ლობისტურ ჯგუფში გაწევრიანება BYD-ს ევროპაში გავლენის ზრდასა და ისეთ ადგილობრივ მწარმოებლებთან კონკურენციაში დაეხმარება, როგორებიც Volkswagen-ი და Stellantis-ი არიან. ამ დრომდე ჩინური კომპანია სხვადასხვა ხერხით ცდილობს ევროპულ ტარიფებს თავი დააღწიოს, მათ შორის ევროპულ ავტომწარმოებლებთან ერთობლივი მუშაობითა და ევროპის ქვეყნებში საკუთარი საწარმოო ქარხნების გახსნით. უნდა აღინიშნოს, რომ BYD საექსპორტო ბაზრებზე, მათ შორის ევროპაში, მნიშვნელოვან წარმატებებს აღწევს.

BYD უნგრეთში ავტოქარხანას ხსნის (ეს პირველია რეგიონში) და მიმდინარე კვარტალში, სავარაუდოდ, ავტომობილების მასობრივ წარმოებასაც დაიწყებს. სწორედ ეს ნაბიჯი დაეხმარება მას ევროპულ ბლოკში შემავალ სახელმწიფოებში ავტომობილების გაყიდვისას დამატებითი გადასახადების თავიდან აცილებაში. მსგავს სტრატეგიას მიმართავენ სხვა ჩინური კომპანიებიც, მაგალითად Chery Automobile, რომელიც უკვე აწყობს მანქანებს ბარსელონაში.

მსგავსი სიახლეები