მუსიკის ხმამაღლა მოსმენა კანონდარღვევაა | ამ შტატში ჯარიმის გადახდა მოგიწევთ და ქულებიც დაგაკლდებათ
თუ მუსიკის ხმამაღლა მოსმენა გიყვართ, მაშინ სჯობს თუ ნიუ-ჯერსიში ჩასვლისგან თავს შეიკავებთ. ახალი რეგულაციებით, თქვენი „საყვარელი საქმიანობა“ ფულად ჯარიმად და მართვის მოწმობაზე ქულების დაკარგვად დაგიჯდეთ. კომიტეტის წევრების მიერ დამტკიცებული წესდება, ჯარიმებს ითვალისწინებს ყველასთვის, ვინც „ავტომობილის ხმაურის შესახებ კანონს“ დაარღვევს.
მიუხედავად იმისა, რომ ხმაურის შესახებ კანონპროექტები, როგორც წესი, გამონაბოლქვი სისტემებისთვის გამოიყენება, ამ შემთხვევაში ის მუსიკის ხმამაღლა მოსმენას შეეხება. ხოლო კანონდარღვევის ხელახალი გამეორების შემთხვევაში, სასჯელი სულ უფრო და უფრო გამკაცრდება. მაგალითად, თუ პირველი დარღვევისას $250-ით დაჯარიმდებით, მომდევნო შემთხვევაში ჯარიმა $500-მდე გაიზრდება. სამჯერ ან მეტჯერ მსჯავრდებული პირები 750 დოლარს გადაიხდიან და მართვის მოწმობაზე ორი ქულაც დააკლდებათ.
ეს ცოტა ნამდვილად არაა, თუმცა კანონპროექტის თავდაპირველი ვერსია კიდევ უფრო მკაცრი იყო. კერძოდ კი, ის საავტომობილო საშუალების დაყადაღებას და ჩამორთმევასაც ითვალისწინებდა. ჩამორთმევის შემთხვევაში კი, სატრანსპორტო საშუალებების განადგურების ალბათობაც კი არსებობდა. კანონპროექტის ამ ვერსიაში, პირველი დარღვევისთვის გათვალისწინებული იყო 500 დოლარის ჯარიმა და სატრანსპორტო საშუალების დაყადაღება - „არანაკლებ შვიდი დღის განმავლობაში“.
მეორე ან შემდგომი დარღვევისთვის, ჯარიმა გაიზრდებოდა 750 დოლარამდე და სატრანსპორტო საშუალება არანაკლებ ორი კვირის განმავლობაში დაყადაღდებოდა. თანაც მძღოლებს შენახვის ხარჯების დაფარვაც მოუწევდათ. თუ მძღოლები 30 დღის განმავლობაში თანხას არ გადაიხდიდნენ, მათი მანქანა შეიძლებოდა აუქციონზეც გაეყიდათ.
ახალი კანონპროექტის ავტორების თქმით, მხოლოდ მუსიკის მოსმენის გამო მანქანის ჩამორთმევა „სრული სიგიჟეა“. მათივე თქმით, კანონპროექტი ძირითადად იმ დამრღვევების წინააღმდეგაა მიმართული, რომლებიც „დილის სამ ან ოთხ საათზე დასახლებულ პუნქტებში გადაადგილდებიან“ და სხვებს ხმამაღალი მუსიკით აწუხებენ.