უცნაური შერკინება: ლეგენდარულმა Subaru-მ Ferrari-ს ჰიბრიდულ სუპერქარს დიდი წინააღმდეგობა გაუწია
პოპულარულ YouTube არხზე Officially Gassed გამოქვეყნებულმა ვირუსულმა დრეგ-რბოლამ ავტომოყვარულების დიდი ყურადღება მიიპყრო. ერთმანეთს სერიოზულად დატუნინგებული 2006 წლის Subaru Impreza WRX STI "Hawkeye" და 2023 წლის ჰიბრიდული სუპერქარი Ferrari 296 GTB დაუპირისპირდნენ.
ქაღალდზე ეს აბსოლუტურად განსხვავებული სამყაროების ბრძოლაა. 2.35-ლიტრიანი ტურბოძრავით აღჭურვილი მექანიკური Subaru დაახლოებით 750 ცხენის ძალას გამომუშავებს და ოთხივე თვლით გადაადგილდება. მის საპირისპიროდ, Ferrari 296 GTB აღჭურვილია 3.0-ლიტრიანი Twin-Turbo V6 ჰიბრიდული აგრეგატით, 8-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფითა და უკანა ამძრაობით, რაც ჯამში 820 ცხენის ძალას იძლევა.

ცალკეულ რბოლებში, მეოთხედი მილის (402 მეტრი) დაფარვისას, Ferrari-მ სტანდარტული 10.42 წამი აჩვენა და 235 კმ/სთ სიჩქარე განავითარა. თუმცა, ყველასთვის მოულოდნელად, მოდიფიცირებულმა Subaru-მ, მსუბუქი კორპუსისა და სრული ამძრაობის წყალობით, მანძილი 10.38 წამში დაფარა და იტალიურ სუპერქარს გადაუსწრო.
პირისპირ დრეგ-რბოლა სამ რაუნდად წარიმართა. პირველ ცდაზე Subaru-ს მძღოლს სიჩქარეების გადართვა გაუჭირდა და Ferrari-მ იოლად გაიმარჯვა. მეორე რბოლაში Subaru-მ იდეალური სტარტი აიღო და მეოთხედი მილი სარეკორდო 10.28 წამში დაფარა,რითაც Ferrari-ს აჯობა, რომლის მძღოლმაც ოდნავ დააგვიანა. გადამწყვეტ, მესამე რაუნდში კი Subaru სტარტზე ოდნავ დაყოვნდა, რამაც Ferrari-ს ჰიბრიდულ სისტემას საშუალება მისცა თავისი უპირატესობა გამოეყენებინა და საბოლოო გამარჯვება მოეპოვებინა.

რაც შეეხება მოძრაობიდან აჩქარების ტესტს, სადაც Subaru-ს სრული ამძრაობის სტარტის უპირატესობა განეიტრალდა, Ferrari-ს გაუმჯობესებულმა აეროდინამიკამ, სწრაფმა გადაცემათა კოლოფმა და 820-მა ცხენის ძალამ თავისი გაიტანა. იტალიურმა სუპერქარმა მეტოქე დაახლოებით ავტომობილის ორი კორპუსის დაშორებით ჩამოიტოვა.