თბილისობის გამო დედაქალაქში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
თბილისობის ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოებისა და მიმდინარეობის პერიოდში, დედაქალაქში, საავტომობილო და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. კონკრეტულად კი, 11 სექტემბრის 14:00 საათიდან 14 სექტემბრის 23:30 საათამდე ნაწილობრივ შეიზღუდება გრიგოლ ორბელიანის მოედანზე, ასევე გიორგი ათონელის ქუჩიდან ვახტანგ ორბელიანის შესახვევის N13-მდე.
ამასთან ერთად, 15 სექტემბრის 00:15 საათიდან 23 სექტემბრის 23:00 საათამდე მოძრაობა სრულად შეიზღუდება მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, იტალიის ქუჩაზე, გრიგოლ ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიასა და გიორგი ათონელის ქუჩიდან ვახტანგ ორბელიანის შესახვევის N13-მდე.
ოფიციალური განცხადების თანახმად, „შეზღუდვის პერიოდში, ზაარბრიუკენის მოედნიდან მშრალი ხიდის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გამოყენებით შეძლებენ. ხოლო, მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით მოხვედრა შესაძლებელი იქნება, ვირსალაძისა და ჭანტურიას ქუჩების გამოყენებით“.
დამატებით, გადაადგილებაზე შეზღუდვები იმოქმედებს 17 სექტემბრის 00:15 საათიდან 23 სექტემბრის 23:00 საათამდე - მეტეხის ხიდსა და ევროპის მოედანზე, ასევე, გორგასლის მოედნიდან მეტეხის ხიდის მიმართულებით, მეტეხის აღმართიდან ევროპის მოედნის მიმართულებით, მტკვრის მარცხენა სანაპიროდან ევროპის მოედნის მიმართულებით ამომავალ პანდუსზე.
„ამ პერიოდში, გორგასლის ქუჩიდან მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მიმავალი ავტომობილები მოძრაობას გააგრძელებენ როგორც სანაპიროს მიმართულებით, ასევე გორგასლის მოედნიდან კოტე აფხაზისა და თუმანიანის ქუჩიდან ვახტანგ გორგასლის ქუჩის მიმართულებით“.
გადაადგილება შეიზღუდება აბანოს ქუჩიდან იოსებ გრიშაშვილის ქუჩის მიმართულებითაც. აღნიშნულ პერიოდში, იოსებ გრიშაშვილის ქუჩაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ფირდოუსის, მირზა ფათალის, ახუნდოვისა და იბრაჰიმ ისფაჰანლის ქუჩების გამოყენებით.