მანქანებმა ცხენები ჩაანაცვლეს, ახლა EV-ები იმავეს შიგაწვის ძრავებს გაუკეთებენ | VW-ის წარმომადგენელი
VW-ის საბჭოს წევრის თქმით, 2035 წლისთვის შიგაწვის ძრავის მქონე ავტომობილის შეძენის სურვილი მომხმარებელთა მხოლოდ 3-5%-ს ექნება.
გერმანულ ავტოგიგანტ Volkswagen-ის დირექტორთა საბჭოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი წევრი მიიჩნევს, რომ როგორც კი ავტომწარმოებლები შეძლებენ მომხმარებლების დარწმუნებას — გადავიდნენ ელექტრომობილებზე — შიგაწვის ძრავიან ავტომობილებს ზუსტად ის დაემართებათ, რაც წარსულში ცხენებს: ისინი ტრანსპორტირების მოძველებულ ფორმებად ჩაითვლებიან.
ასევე იხილეთ: რამდენად უსაფრთხოა ელექტრო ავტომობილები?
გაყიდვებისა და მარკეტინგის მიმართულებით VW-ის საბჭოს წევრის, მარტინ ზანდერის განცხადებით, ავტომწარმოებლებმა უფრო აქტიურად უნდა იმუშაონ იმისათვის, რომ თავიანთი მომხმარებლები ელექტრომობილებით დააინტერესონ. თუმცა ეს უშუალოდ შიგაწვის ძრავაზე მომუშავე ავტომობილების აკრძალვაზე საუბრით არ უნდა მოხდეს.
„დღეს, როდესაც ფანჯრიდან ვიყურები, ცხენებს თითქმის ვერ ვხედავთ. ძირითადად ყველგან ავტომობილებია. სწორედ ამიტომ მძულს შიგაწვის ძრავის აკრძალვაზე დისკუსია. ყველა მხოლოდ მათ აკრძალვაზე საუბრობს. როგორ შეძლებ მომხმარებელი დაარწმუნო ახალი ტექნოლოგიის სიკეთეში, თუ შენ მხოლოდ იმ თარიღზე საუბრობ, როდესაც აღარ გექნება უფლება მართო ავტომობილები, რომელთაც ათწლეულების განმავლობაში ასე შეეჩვიე“, — განუცხადა მან Auto Express-ს.

ზანდერი თვლის, რომ დროის გასვლასთან ერთად, უფრო მეტი ადამიანი დარწმუნდება, რომ მათ სწორედ ელექტრომობილები უნდა შეიძინონ. თუმცა ამისთვის არსებული გამოწვევებიც უნდა გადაიჭრას — მაგალითად, ელექტრომობილების დასამუხტად საჭირო საჯარო ინფრასტრუქტურა უნდა განვითარდეს:
„მოდით ვისაუბროთ იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს მომხმარებელთა რეალურად გადმოსაბირებლად: დასამუხტი ინფრასტრუქტურა, დადებითად საუბარი ელექტრომობილების უპირატესობაზე და, შესაძლოა, აქცენტიც ენერგოფასებზე“.
VW-ის წევრის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ეს პირობები დაკმაყოფილდება, 2035 წლისთვის, შესაძლოა იმ მომხმარებელთა პროცენტული წილი, რომლებიც შიგაწვის ძრავის მქონე ავტომობილებით არიან დაინტერესებულნი, „სამ, ოთხ, ხუთ პროცენტამდე“ შემცირდეს.

Auto Express-თან ინტერვიუსას ზანდერმა ჩინეთზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ჩინეთის მკაცრ კონკურენტულ გარემოში მიღებული გამოცდილება Volkswagen-ს გლობალურ ბაზარზე წარმატების მიღწევაში დაეხმარება:
„ყველაფერი, რასაც ჩინეთში ვსწავლობთ, გვეხმარება გავხდეთ კონკურენტუნარიანი მსოფლიოს ნებისმიერ სხვა ბაზარზე, სადაც ასევე ჩინელებს ვეჯიბრებით. ჩვენი მთავარი მიზანი ახლა წარმოების მასშტაბები, ეფექტიანობა და ხარჯების შემცირებაა. სწორედ ამიტომ ვმუშაობთ გულმოდგინედ, ჩვენ ვალდებულნი ვართ ვიყოთ კონკურენტუნარიანები. ალტერნატივა არ არსებობს“.