თბილისი, სასარგებლო ინფორმაცია, თბილისის მერია, გადაადგილებაზე შეზღუდვები
Aa
Aa

ყველაფერი, რაც „თბილისობის“ პერიოდში, გადაადგილებაზე დაწესებულ შეზღუდვებზე უნდა ვიცოდეთ

„თბილისობასთან“ დაკავშირებული ღონისძიებების გამო, დედაქალაქში, მომდევნო დღეების განმავლობაში, საავტომობილო მოძრაობაზე შეზღუდვები იმოქმედებს. შეზღუდვების ნაწილი უკვე ამოქმედდა, ნაწილი კი დღეიდან, 19 სექტემბრიდან შედის ძალაში.

კერძოდ, 17 სექტემბრის 00:15 საათიდან 23 სექტემბრის 23:00 საათამდე საავტომობილო გადაადგილებაზე შეზღუდვა მოქმედებს - მეტეხის ხიდსა და ევროპის მოედანზე, ასევე, გორგასლის მოედნიდან მეტეხის ხიდის მიმართულებით, მეტეხის აღმართიდან ევროპის მოედნის მიმართულებით, მტკვრის მარცხენა სანაპიროდან ევროპის მოედნის მიმართულებით ამომავალ პანდუსზე.

ოფიციალური განცხადების თანახმად, „ამ პერიოდში, გორგასლის ქუჩიდან მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მიმავალი ავტომობილები მოძრაობას გააგრძელებენ როგორც სანაპიროს მიმართულებით, ასევე გორგასლის მოედნიდან კოტე აფხაზისა და თუმანიანის ქუჩიდან ვახტანგ გორგასლის ქუჩის მიმართულებით“.

გადაადგილება შეიზღუდება აბანოს ქუჩიდან იოსებ გრიშაშვილის ქუჩის მიმართულებითაც. აღნიშნულ პერიოდში, იოსებ გრიშაშვილის ქუჩაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ფირდოუსის, მირზა ფათალის, ახუნდოვისა და იბრაჰიმ ისფაჰანლის ქუჩების გამოყენებით.

დამატებით, გადაადგილებაზე შეზღუდვა იმოქმედებს უკვე დღეიდან, 19 სექტემბრიდან, კოსტა ხეთაგუროვის ქუჩაზე. კერძოდ, კოსტა ხეთაგუროვის ქუჩაზე, ავტომობილებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება 19 სექტემბრის 12:00 საათიდან 22 სექტემბრის 12:00 საათამდე შეიზღუდება.

„შეზღუდვა შეეხება ბენზინგასამართ სადგურ „ვისოლის“ მიმდებარე ტერიტორიიდან კოხტა ხეთაგუროვისა და გურამ საღარაძის ქუჩების კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს“.

ოფიციალური ინფორმაციით, „აღნიშნულ პერიოდში, ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროდან ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდისკენ და უკუმიმართულებით, ავტოტრანსპორტის გადაადგილება დარჩება უცვლელი, არსებული მდგომარეობის შესაბამისად.

ამასთან, შოთა გამცემლიძის ქუჩიდან კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის მიმართულებით გადაადგილება სრულად შეიზღუდება, რა დროსაც, გადაადგილება შესაძლებელი იქნება ნინო ჩხეიძის ქუჩის გამოყენებით“.

 

მსგავსი სიახლეები