საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილებიდან 80%-ის ასაკი 10 წელზე მეტია
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2024 წლის მონაცემებით, საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა 1 790 587-მდეა გაზრდილი. 2023 წელს, ეს მაჩვენებელი, 1 680 400 ერთეულ ავტომობილს უტოლდებოდა, რაც ნიშნავს, რომ ერთი წლის ჭრილში მატებამ 110 151 ავტომობილი შეადგინა. უახლესი მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა კი, 1 847 988-მდეა გაზრდილი.
2024 წელს, საქართველოში ყველაზე პოპულარული Mercedes-Benz-სა და Toyota-ს მოდელები იყო. ავტომობილების დიდი ნაწილი კი დედაქალაქში, თბილისშია თავმოყრილი. შედარებით ხელმისაწვდომი ბრენდების გარდა, ქვეყნის მასშტაბით ყოველწლიურად იზრდება პრემიუმ კლასის ავტომობილების რაოდენობაც, როგორებიცაა Porsche, Ferrari, Bugatti, Aston Martin-ი და Lamborghini.
თუმცა, ამის მიუხედავადაც, საქართველოში ავტომობილების დიდი ნაწილის ასაკი 10 წელს აჭარბებს. საქსტატის ანგარიშით, ქვეყანაში რეგისტრირებული 1 847 988-მდე ავტომობილიდან, 1 536 465 ავტომობილის ასაკი 10 წელს აღემატება. ეს კი, მთლიანი მაჩვენებლის 80%-ზე მეტია.
ამ მონაცემებთან შედარებით, ბევრად ნაკლებია საქართველოში რეგისტრირებული სხვა ასაკის ავტომობილების რაოდენობა. მაგალითად, ქვეყანაში მხოლოდ 220 317 ერთეული 5-დან 10 წლამდე ასაკის ავტომობილი გადაადგილდება. 2-დან 5 წლამდე მხოლოდ 53 770, ხოლო 2 წლამდე ასაკის ავტომობილების რაოდენობა 30 083-ია. ცნობისთვის, საქსტატის ანგარიშით, საქართველოში არსებულ 7 353 ერთეული ავტომობილის ასაკს „დაუდგენელი“ სტატუსი აქვს.