აუქციონი, მეორადი ავტომობილები, ბუგატი, მეორადი ავტომობილების ფასები
Aa
Aa

მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული სუპერქარი მეორად ბაზარზე აღმოჩნდა

2019 წლის დასაწყისში, Bugatti-მ იმ დროისთვის ყველაზე ძვირად ღირებული სუპერქარი, La Voiture Noire წარადგინა. უნიკალური მოდელი $19 მილიონად გაიყიდა და ახალი მფლობელის საკუთრებაშიც გადავიდა. ახლა კი, Chiron-ის სპეციალური ვერსია, 2019 წლის შემდეგ პირველად, უკვე აუქციონზე იყიდება.

სუპერქარის ამჟამინდელ მფლობელზე ინფორმაცია თითქმის არ არსებობს. მხოლოდ ის ვიცით, რომ ავტომობილი შვეიცარიელმა წყვილმა შეიძინა - და არა კრიშტიანუ რონალდუმ, როგორც თავდაპირველად ვარაუდობდნენ. წლების განმავლობაში, La Voiture Noire მხოლოდ რამდენჯერმე გამოჩნდა საჯაროდ, მათ შორის 2022 წელს, Supercar Owners Circle-შიც მიიღო მონაწილეობა.

სუპერქარი აუქციონზე SBX Cars-ის საშუალებით გაიყიდება- სააუქციონო პლატფორმა, რომელიც ინფლუენსერმა, ალექს ჰირშიმ დააფუძნა. ასევე ცნობილმა, როგორც Supercar Blondie და Broad Arrow Auctions. კერძო გაყიდვის ნაცვლად, დაინტერესებულ პირებს მოუწევთ პლატფორმაზე დარეგისტრირდნენ, შემდეგ კი სპეციალურ მოსაწვევს მიიღებენ.

La Voiture Noire-ის შესახებ ინფორმაციის დიდი ნაწილი უცნობია, მათ შორის არ ვიცით თუ რამდენი კილომეტრი აქვს სუპერქარს გავლილი ან როგორ მდგომარეობაშია. უცნობია ისიც, თუ რა ფასად გაიყიდება ავტომობილი.

უნიკალური მოდელის შექმნისას Bugatti-მ ინსპირაცია Type 57 SC Atlantic-დან მიიღო. აქედან გამომდინარე, მართალია ეს სუპერქარი Chiron-ის ბაზაზეა დაფუძნებული, მას ასევე განსხვავებული სპეციფიკაციები, მათ შორის სპეციალურად დამზადებული პანელები და უნიკალური LED-მაშუქები გამოარჩევს. სუპერქარი Bugatti-ის ლეგენდარული 8-ლიტრიანი W16-ითაა აღჭურვილი, რომელიც 1 479 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

მსგავსი სიახლეები