თბილისიდან სტეფანწმინდამდე ჩასვლა 1 საათსა და 45 წუთში იქნება შესაძლებელი | ქვეშეთი-კობის 25-კმ-იანი გზა
ქვეშეთი-კობის მაგისტრალური გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან გუდაურამდე და თბილისიდან სტეფანწმინდამდე ჩასვლის დრო მნიშვნელოვნად შემცირდება. კერძოდ, ოფიციალური განცხადების თანახმად, თბილისიდან გუდაურამდე ჩასვლა 2 საათის ნაცვლად 1 საათი და 30 წუთში იქნება შესაძლებელი, ხოლო თბილისიდან სტეფანწმინდამდე, 2 საათისა და 30 წუთის ნაცვლად - 1 საათსა და 45 წუთში.
ქვეშეთი-კობის 25-კმ-იანი გზის მშენებლობის ფარგლებში, ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა მოეწყობა, დამატებით აშენდება 5 ხიდი და 5 გვირაბი და ერთ ხიდს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ამასთან ერთად კი, კობის მიმართულებით ზამთარში მოძრაობა აღარ შეიზღუდება. სამუშაოები ეტაპობრივად 2025-2026 წლებში დასრულდება.
არსებული გეგმით, გუდაურამდე მონაკვეთი 2026 წლის დასაწყისში გაიხსნება, ხოლო პროექტი სრულად 2027 წლის დასაწყისისთვის დასრულდება.
პარალელურად გრძელდება საგარეჯო–ბადიაურის 17 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა. აღნიშნული პროექტით სრულდება მაგისტრალის განვითარება. ცნობისთვის, თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი მონაკვეთი უკვე დასრულებულია. მშენებლობის ფარგლებში სოფელ ბადიაურთან ახალი სატრანსპორტო კვანძი მოეწყობა, აშენდება ოთხი ხიდი, რვა გზაგამტარი და 86 წყალგამტარი მილი.