„თბილისში ახალი საავტობუსო ხიდი აშენდება“ - სად განთავსდება ახალი პროექტი?
დედაქალაქში ახალი საავტობუსო ხიდი აშენდება, - ამის შესახებ გიორგი ტყემალაძემ ისაუბრა. მისივე განმარტებით, ხიდზე 18-მეტრიანი ავტობუსები სწრაფად და შეუფერხებლად იმოძრავებენ, რაც გადაადგილების დროს შეამცირებს და ტრანსპორტის ეფექტიანობას გაზრდის.
„ცოტნე დადიანის ქუჩისა და სადგურის მოედნის დამაკავშირებელი ხიდი აშენდება. პრობლემა არის ამ არეალების ერთმანეთთან დაკავშირება. ამ ეტაპზე, აღნიშნული მიმართულებით 18-მეტრიანი ავტობუსების გადაადგილება ძალიან პრობლემურია. პროექტის განხორციელების შედეგად, საავტობუსო ხიდი უზრუნველყოფს მარცხენა და მარჯვენა სანაპიროს ყველაზე დატვირთულ უბნებს შორის კავშირს კომფორტულად 18-მეტრიანი ავტობუსების მეშვეობით“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
ამასთან, მანვე აღნიშნა, რომ თბილისში 3 ახალი საბაგირო დერეფანი მოეწყობა: ისანი-მეტრომშენი-ვაზისუბანი, სარაჯიშვილი-ზღვისუბანი, მ/ს „სამგორისა“ და ვაზისუბნის დამაკავშირებელი საბაგირო გზა.
„საბაგიროს ტრადიცია ჩვენს ქალაქში არსებობს. ბოლო წლებში მათი რეაბილიტაციაც განვახორციელეთ. ამ შემთხვევაში კი საბაგიროს ეძლევა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფუნქცია. ეს სამი მიმართულება საზოგადოებრივი ტრანსპორტის თვალსაზრისით დიდი შეღავათი იქნება ადგილობრივებისთვის. ასევე, აღნიშნული საბაგირო დერეფნის მოწყობა ირიბად იქნება დაკავშირებული ავტობუსების, მიკროავტობუსების გამოთავისუფლებასთან“, - აღნიშნა გიორგი ტყემალაძემ.