როგორ გამოიყურება უილ სმიტის 2.5-მილიონიანი სასახლე ბორბლებზე?
ბორბლებიანი სახლი, რომლის სურათებსაც ხედავთ, ამერიკელ მსახიობს, უილ სმიტს, არც მეტი, არც ნაკლები — 2.5 მილიონი დოლარი დაუჯდა.
ახლა, ალბათ, ფიქრობთ, რომ კემპერში ასეთი თანხის გადახდა სრული სიგიჟეა — ბოლოს და ბოლოს, ბევრი ადამიანი საკუთარ სტაციონარულ სახლშიც კი არ იხდის ამდენს. თუმცა, როგორც კი ამ ავტომობილის ინტერიერს თვალს შეავლებთ, შესაძლოა მიხვდეთ, რომ სმიტმა ზუსტად იცის, რაშიც დახარჯა ფული.
უილ სმიტი ჰოლივუდური „ამერიკული ოცნების“ ნამდვილი განსახიერებაა. ისეთი ბლოკბასტერების წყალობით, როგორებიცაა „დამოუკიდებლობის დღე“, „ადამიანები შავებში“ და „ცუდი ბიჭები“, 57 წლის მსახიობმა 350 მილიონი დოლარის ქონება დააგროვა.
წლების განმავლობაში მან მდიდრული ცხოვრების არაერთი ბენეფიტი გამოცადა — იქნება ეს კალიფორნიის 42-მილიონიანი მამული თუ ავტომობილების ექსკლუზიური კოლექცია. თუმცა, მის ძვირადღირებულ გემოვნებას არაფერი უსვამს ხაზს უკეთ, ვიდრე ეს ორსართულიანი საცხოვრებელი ავტომობილი. უძვირფასესი ქვის ზედაპირებითა და $12 000-იანი მაგიდებით აღჭურვილი კემპერი კომფორტით არაფრით ჩამოუვარდება 5-ვარსკვლავიან სასტუმროებსაც.

ცნობილმა იუთუბერმა, ენეს ილმაზერმა, შანსი არ ხელიდან არ გაუშვა და სმიტის ლუქს-კემპერს შიგნიდან გადაუღო. მართალია, ილმაზერისთვის უძვირფასესი აპარტამენტებისა და კერძო თვითმფრინავების თვალიერება ყოველდღიურობაა, თუმცა სმიტის ავტომობილმა ისიც კი გაოცებული დატოვა — იუთუბერმა აღიარა, რომ ასეთი აქამდე არაფერი უნახავს. ეს გოლიათი კომპანია Anderson Mobile Estates-ის ნამუშევარია.
რა იმალება პირველ სართულზე?
ქვედა დონეზე შეხვდებით გასაშლელ სასადილო მაგიდას, ჩაშენებულ ტყავის სავარძლებს, ძვირფასი ხის იატაკს და ავტომატურ მოძრავ კარებს, რომლებიც Star Trek-ის ფანტასტიკურ ხომალდს მოგაგონებთ.

სამზარეულო აღჭურვილია უჟანგავი ფოლადის მაცივრით, გაზქურით, ჭურჭლის სარეცხი მანქანითა და მიკროტალღური ღუმელით. ცნობისთვის, სმიტი ამ კემპერში ცხოვრობდა ისეთი ფილმების გადაღებებისას, როგორებიცაა „ადამიანები შავებში 3“, „ალი“ და ა.შ. სალონში დამონტაჟებულია მაკიაჟის სარკე, გასაშლელი საწოლი და გარდერობის კარადები.
რა ხდება მეორე სართულზე?
ზედა სართულზე — რომელიც ღილაკზე თითის დაჭერით 106 სანტიმეტრით მაღლდება — ნამდვილი კინოთეატრი გელით.
100-დუიმიანი ჩამოსაშლელი პროექტორის ეკრანი ნებისმიერი კინომანის ოცნებაა. უკანა ნაწილში კი ორადგილიანი საწოლით აღჭურვილი საძინებელია განთავსებული, ჭერის ფანჯრით, ავტომატური ჟალუზებითა და სამუშაო მაგიდით.

როგორც ჩანს, საცხოვრებელი ავტომობილები ჰოლივუდში ახალ ტრენდად ყალიბდება. ლეონარდო დიკაპრიო კიდევ ერთი ვარსკვლავია, რომელმაც ოთხთვლიან სახლში კოლოსალური თანხა გადაიხადა. ხოლო ჯეისონ მომოამ გარკვეული ხანი თავისი RV ოფიციალურ საცხოვრებლადაც კი აქცია.