„თბილისი მარათონის“ გამო დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
„თბილისის მარათონის“ გამო, ხვალ, დედაქალაქის გარკვეულ მონაკვეთებში საავტომობილო გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდება. შეზღუდვა ეტაპობრივად შემდეგ ქუჩებსა და გამზირებს შეეხება: თავისუფლების მოედანი, რუსთაველის გამზირი, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩა, გალაკტიონის ხიდი, კოტე მარჯანიშვილის ქუჩა, აღმაშენებლის გამზირი, ბაქოს ქუჩა, წინამძღვრიშვილის ქუჩა, ზაარბრიუკენის მოედანი და ხიდი, სკუდიერის ქუჩა, მტკვრის მარჯვენა სანაპირო, გორგასლის ქუჩა, 300 არაგველის მემორიალის მიმდებარე ტერიტორია, გორგასლის მოედანი, მეტეხის ხიდი და კოტე აფხაზის ქუჩა.
ოფიციალური განცხადების თანახმად, „28 სექტემბრის 06:00-დან 12:00 საათამდე, რუსთაველის გამზირის მიმართულებით გადაადგილება სრულად შეიზღუდება, რა დროსაც, მელიქიშვილის გამზირიდან მთაწმინდის დანარჩენ ქუჩებზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ჯანაშიას, თარხნიშვილის, ტატიშვილის, ჭოველიძის, ზანდუკელის ქუჩების გავლით და შემდგომ ბარნოვის, გოგებაშვილისა და ძმები კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით, მელიქიშვილის გამზირსა და მეტროსადგურ „რუსთაველის“ ტერიტორიაზე მოხვედრა კი, დასაშვები იქნება გრიბოედოვის, მაყაშვილის, ბარნოვისა და შანიძის ქუჩების გავლით.“
მოძრაობა შეზღუდული იქნება მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან და რევაზ თაბუკაშვილის ქუჩიდან მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის მიმართულებით. ასევე, გალაკტიონის ხიდზე, კოტე მარჯანიშვილის ქუჩასა და მოედანზე - წინამძღვრიშვილის ქუჩის კვეთამდე. აღმაშენებლის გამზირის შემთხვევაში, გადაადგილება შეიზღუდება ბაქოს ქუჩის კვეთიდან ზაარბრიუკენის მოედნის ჩათვლით. ბაქოს ქუჩაზე გადაადგილება დასაშვები იქნება მარჯანიშვილის ქუჩის კვეთიდან წინამძღვრიშვილის ქუჩაზე.
ზაარბრიუკენის მოედანსა და ხიდზე, გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მიხეილ წინამძღვრიშვილის, ლევ ტოლსტოისა და მოსე გოგიბერიძის ქუჩების გამოყენებით. მშრალი ხიდის მხრიდან, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით ორივე ამსვლელ პანდუსზე.
ამასთან ერთად კი, მოძრაობა შეიზღუდება მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე შავთელის ქუჩის კვეთიდან გორგასლის ქუჩამდე, მეტეხის ხიდსა და კოტე აფხაზის ქუჩაზე, ორთაჭალის მხრიდან გორგასლის ქუჩაზე - 300 არაგველის მემორიალის მიმდებარე ტერიტორიამდე. გორგასლის ქუჩაზე გადაადგილება შესაძლებელი იქნება აბანოს ქუჩიდან კრწანისის მოედნის მიმართულებით, ასევე, ფირდოუსის, იბრაჰიმ ისფაჰანლისა და გრიშაშვილის ქუჩებიდან.
რაც შეეხება 27 სექტემბრის 23:00 საათიდან 28 სექტემბრის 15:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვას: მოძრაობა შეიზღუდება პირველი რესპუბლიკის მოედანზე სრულად - შოთა რუსთაველის გამზირისა და პირველი რესპუბლიკის მოედნის კვეთიდან, პირველი რესპუბლიკის მოედნისა და მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში.
„შეზღუდვის პერიოდში, ავტომობილები ვეღარ შეძლებენ გადაადგილებას შოთა რუსთაველის გამზირზე არსებული წრიული გზაჯვარედინიდან - პირველი რესპუბლიკის მოედნის მიმართულებით. ამ დროს, შოთა რუსთაველის გამზირიდან მერაბ კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრაობა შესაძლებელი იქნება მხოლოდ მიხეილ ჯავახიშვილისა და მერაბ კოსტავასა ქუჩების მიმართულებით.
მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩიდან მომავალი ავტომობილები ვერ მოხვდებიან რესპუბლიკის მოედანზე და სვლას განაგრძობენ თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მიმართულებით, ხოლო მერაბ კოსტავას ქუჩიდან ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ რუსთაველის გამზირისა და თავისუფლების მოედნის მიმართულებით. ასევე, რუსთაველის გამზირის მიმართულებით მიმავალ სატრანსპორტო საშუალებებს ზეთისხილის ხესთან მობრუნებისა და სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მიმართულებით შეეძლებათ გადაადგილება“.