მომდევნო 3 დღის განმავლობაში, თბილისში მოძრაობა იზღუდება
დაგეგმილი სამუშაოების გამო, მომდევნო სამი დღის განმავლობაში, აღმაშენებლის ხეივანზე საავტომობილო მოძრაობა იზღუდება. ცნობისთვის, ინფრასტრუქტურული სამუშაოები, დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-15 კილომეტრზე, მაღალაძეების ქუჩასთან არსებული სახიდე გადასასვლელის მიმდებარედ იგეგმება.
ოფიციალური განცხადების თანახმად, „უსაფრთხოების მიზნით, 30 სექტემბრიდან სამი ღამის განმავლობაში, 00:00-დან 06:00 საათამდე პერიოდში, საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება „თბილისი მოლიდან“ თბილისის შემოვლითი გზისა და თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზატკეცილის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში“.
გაითვალისწინეთ, რომ შეზღუდვის პერიოდში, საავტომობილო გადაადგილება შესაძლებელი იქნება დავით აღმაშენებლის ხეივნიდან სხვიტორის ქუჩის, ე.წ. ზაჰესის ხიდის, ავჭალის ქუჩისა და თბილისის შემოვლითი გზის გამოყენებით.