პირველად ისტორიაში | ელექტრომობილების ახალი რეკორდი
კვლევითი ფირმა Rho Motion-ს მონაცემებით, გასულ თვეში, გლობალურად, რეკორდული 2.1 მილიონი ელექტრომობილი გაიყიდა. აღნიშნული შედეგები ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროპასა და ჩინეთში მაღალი მოთხოვნით იყო განპირობებული.
აშშ-ში, სექტემბრის თვეში, ელექტრომობილების გაყიდვები მკვეთრად გაიზარდა. მიზეზი $7 500-იანი შეღავათი იყო, რომლის ფარგლებშიც მომხმარებლები ახალი ელექტრომობილების შეძენას აჩქარებდნენ. შედეგად, Tesla-მ, Ford-მა და GM-მა, ელექტრომობილების მიწოდების რეკორდული მაჩვენებლები დააფიქსირეს.
ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც გლობალური ელექტრომობილების გაყიდვებმა 2-მილიონიან ნიშნულს გადააჭარბა. სექტემბერში ელექტრომობილების გაყიდვები, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მეოთხედზე მეტით გაიზარდა.
გაყიდვების ეს ეტაპი იმის სიგნალია, რომ ელექტრომობილების ბუმი შესაძლოა მომავალშიც გაგრძელდეს. თუმცა გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ბევრმა ავტომწარმოებელმა ელექტრომობილებთან დაკავშირებული გეგმები გააუქმა. ნაწილიც კი, ევროპის კავშირისგან ბენზინზე მომუშავე ავტომობილების აკრძალვის თარიღის გადავადებას ითხოვს.
მაგალითად, GM-მა აშშ-ში ბენზინზე მომუშავე ავტომობილების წარმოების გაძლიერებისთვის $4 მილიარდამდე ინვესტიცია დააანონსა. შიგაწვის ძრავიანი ავტომობილების წარმოება გააორმაგეს სხვა კომპანიებმაც, მათ შორისაა Stellantis-ი, რომლის დაფინანსებაც ამ მიმართულებით $13 მილიარდამდე გაიზრდება.
ერთადერთი ქვეყანა, რომელიც გაჩერებას არც კი ფიქრობს, ჩინეთია. წელს ჩინეთში 7.5 მილიონზე მეტი ელექტრომობილი გაიყიდა, რაც მსოფლიოს დანარჩენ ნაწილზე მეტია. მოსალოდნელია, რომ ელექტრომობილების გაყიდვები წელს შიგაწვის ძრავიანი ავტომობილების ანალოგიურ მაჩვენებელს გადააჭარბებს.