ამან, შესაძლოა, ელექტრომობილები სამუდამოდ შეცვალოს
როგორც ჩანს, მერსედესში ყელში ამოუვიდათ მომხმარებლის (სამართლიანი) შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ ელექტრომობილები საკმარისად შორს ვერ მიდიან...
შესაბამისად, ბატარეის ზომისა და წონის გაზრდის ნაცვლად, გერმანელ ავტომწარმოებლებს უკეთესი იდეა დაებადათ — გახდეს დამუხტვა უფრო სწრაფი და სასიამოვნო გამოცდილება... აი, დაახლოებით, წასახემსებლად ორი წუთით გაჩერების მსგავსი!
და თუ მათი ახალი სატესტო ავტომობილი ისე იმუშავებს, როგორც ამას მისგან მოელიან, ჩათვალეთ, თქვენი ელექტრომობილის მახლობლად მტანჯველი ლოდინი მხოლოდ მოგონებად იქცევა უძველესი წარსულიდან.
საიდუმლო ტექნოლოგია
მერსედესის გიჟურ "ბორბლებიან პროექტს" ELF ეწოდება, რაც გერმანული Experimental-Lade-Fahrzeug-ის აბრევიატურაა და ქართულად შეიძლება ითარგმნოს, როგორც "ექსპერიმენტული დამმუხტველი მანქანა" (ვიცით, საუკეთესო სახელი ვერ არის...).
ELF არ არის რაიმე ახალი ავტომობილი, რომლის ყიდვასაც შეძლებთ — ჩათვალეთ, ეს მოძრავი ლაბორატორიაა, რომელიც კომპანიას ეხმარება დაადგინოს, რამდენად სწრაფად შეიძლება დაიმუხტოს ელექტრომობილი ისე, რომ კაბელების შეხრუკვა თავიდან ავირიდოთ.
შესაბამისად, "ელფის" საქმე რამდენიმე ახალი დამმუხტველი სისტემის გამოცდაა:
- პირველი MCS-ია — მეგავატიანი მოწყობილობა, რომელიც დიდ სატვირთოებზეა გათვლილი და არც მეტი, არც ნაკლები, 1000 კვტ-მდე სიმძლავრის გამოსროლა შეუძლია...
- მეორე ჩვეულებრივი მსუბუქი ავტომობილებისათვის განკუთვნილი CCS სისტემაა, რომელსაც 900კვტ-მდე მიღწევა შეუძლია — მარტივად რომ გითხრათ, ამ სიმძლავრის სისტემას 10 წუთში ბატარეისათვის 100 კვტ-სთ ენერგიის მიწოდება შეუძლია, რაც დაახლოებით ის დროა, რასაც ბენზინგასამართ სადგურზე წასახემსებლების შეძენაში ვხარჯავთ.
ELF-ის გაკვეთილებმა მერსედესს საშუალება მისცა, Alpitronic-თან ერთად შეექმნა HYC1000 — ახალი თაობის სწრაფდამტენი, რომელიც გამოიყენეს AMG GT XX-ის გიჟურ "გარბენში", როცა ელექტრო-სპორტქარმა 25000 მილი (დაახლოებით 40000კმ) 8 დღეში გაიარა.
2026 წლიდან გერმანული კომპანია HYC1000-ს საკუთარ დამტენ სადგურებზე დაამონტაჟებს, რაც საშუალებას მისცემს ელექტრომობილების უმრავლესობის მძღოლებს, რომ რამდენიმე საათის ნაცვლად, ბატარეის დამუხტვას სულ რამდენიმე წუთი ელოდონ.
რატომ თვლიან მერსედესში, რომ "უფრო სწრაფი" "უფრო დიდზე" ჭკვიანური იდეაა?
ავტომწარმოებლების უმრავლესობა მანძილის პრობლემის გადაჭრას ბატარეების ზომის ზრდით ცდილობს — ეს მუშაობს, თუმცა ავტომობილს ამძიმებს, აძვირებს და დამუხტვის დროსაც ახანგრძლივებს.
ეს, დაახლოებით, იმგვარი ლოგიკაა — თან რომ წყლით სავსე ქვევრი ატარო და გაამართლო იმით, რომ გწყურია... მერსედესში ამ საკითხს განსხვავებულად უყურებენ — მათი აზრით, სჯობს ბატარეა პატარა იყოს, თუმცა ძალიან, ძალიან, ძალიან სწრაფად იმუხტებოდეს.
პატარა ბატარეა — ეს მსუბუქი ავტომობილი, დაბალი ფასი და დამტენთან გატარებული ნაკლები დროა. თუ ინჟინერ მალტე სივერსს დავესესხებით, "საქმე ის არ არის, თუ რამდენად შორს წახვალ (ერთჯერადად), არამედ ის, თუ რამდენად სწრაფად გააგრძელებ გზას".
თუ მერსედესი ამ ტექნოლოგიის ბოლომდე მიყვანას შეძლებს, მომავალში თქვენი ავტომობილი იქამდე დაიმუხტება, სანამ თქვენ მაღაზიის სალაროსთან მისვლას და იქ საგზლის საფასურის გადახდას მოასწრებთ...