„ფორსაჟში“ გადაღებული 3 ავტომობილი აუქციონზე გაიყიდება
ცნობილ ფილმში გადაღებული ავტომობილის ყოლა, ალბათ, ძალიან სასიამოვნო გამოცდილებაა — ყველას სურს, ფოტო გადაიღოს იმასთან, რაც აქამდე მხოლოდ ეკრანზე უნახავთ (აქ სხვაობა მანქანასა და მსახიობს შორის წაშლილია)... წარმოიდგინეთ, დაბალი სიჩქარით გადაადგილდებით ხალხმრავალ ქუჩაზე, ყველა თავი თქვენკენ არის შემობრუნებული, აფიქსირებთ თითოეულ მზერას, თითოეული ბავშვის აღტაცებას და გულის სიღრმეში ბედნიერი ხართ ამ კონკრეტული ავტომობილის შეძენის გადაწყვეტილებით... კარგი ფიქრებია, არა? ვიცით... თუმცა ეს ასეთი შემთხვევა არ არის!
მისთვის, ვინც „ფორსაჟი: ჰობსი და შოუში“ გადაღებულ ამ რეინჯ როვერებს შეიძენს, "ჩეკის" სიგნალი ყველაზე მსუბუქი თავის ტკივილი იქნება...
რას ყიდულობთ სინამდვილეში?
მიუხედავად იმისა, რომ აუქციონზე გამოტანილი 3 მანქანიდან დომ ტორეტოს 1970 Dodge Charger R/T არც ერთი არ არის, თავის მხრივ, სპორტული უნივერსალების ეს ტრიოც საკმაოდ უნიკალურია.
პირველ რიგში, შეუიარაღებელი თვალითაც მარტივად მიხვდებით, რომ სამივე მათგანი გადაღების პროცესში კასკადიორული მიზნით გამოიყენებოდა... მიუხედავად ამისა, 4.4-ლიტრიანი V8 ძრავი თითოეული მათგანის კაპოტის ქვეშ დაგხვდებათ. ასევე, შეიძლება დაგაინტერესოთ Willwood-ის სამუხრუჭე სისტემამ 2 სამუხრუჭე პედალით, რომელიც გადაღებების პროცესში საშუალებას აძლევდა დუბლიორებს, დრამატული მოხვევები და მოცურებები ცალკეული ბორბლების ჩაკეტვით შეესრულებინათ.
როგორია ავტომობილების მდგომარეობა?
გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ გასაყიდმა რეინჯ როვერებმა საკმაოდ რთული ცხოვრება გამოიარეს... პირველის წინა დგარი გატეხილი, ხოლო საქარე მინა დაფშვნილია. დანარჩენ ორს სახურავზე (ყალბი) ტყვიამფრქვევი ადგას, მცირე და არცთუ მცირე ნაკაწრებზე კი ყურადღებას არც კი გავამახვილებთ...
რაც შეეხება ინტერიერს, აქ სიტუაცია უფრო მძიმეა — სალონები გაცვეთილია და ჭუჭყიანი, არაერთი მნიშვნელოვანი დეტალი კი ან საერთოდ გამქრალია, ან მომტვრეულია და მიგდებული. რეინჯ როვერის ვიზუალურ სტანდარტებს, მაინცდამაინც, არც მეორე სამუხრუჭე პედალის დამატება აკმაყოფილებს.
მიუხედავად ამ ყველაფრისა, თუ ოდესმე გიოცნებიათ მდიდრულ „ჯიპზე“, რომელიც კინემატოგრაფიულ დიდებას ემსხვერპლა, ეს შესაძლოა, თქვენი შანსი იყოს.