Rolls-Royce, Rolls-Royce Phantom, მდიდრული, როლს-როისი, როლს-როის ფანტომი, Rolls-Royce Phantom Centenary
Aa
Aa

100 წლის იუბილეს აღსანიშნავად, Rolls-Royce-მა საკოლექციო Phantom-ები გამოუშვა

Rolls-Royce-მა Phantom-ის 100 წლის იუბილე განსაკუთრებულად აღნიშნა და ექსკლუზიური მოდელი გამოუშვა — მოდელს, რომლის, სულ რაღაც, 25 ერთეული იარსებებს, "ბრენდის ისტორიაში ყველაზე კომპლექსური და ტექნოლოგიურად ამბიციური" უწოდეს.

Phantom-ის ამ საკოლექციო ვარიანტის შესაქმნელად 40000 საათზე მეტი დაიხარჯა და შედეგი ნამდვილად შესაბამისია — მდიდრული ავტომობილი ასხივებს ამბიციას, ელეგანტურობასა და როლს-როისის ისტორიასთან დაკავშირებულ დიდებულებას.

რატომ არის Phantom Centenary Private Collection უნიკალური?

მოდით, დავიწყოთ ექსტერიერის განხილვით — ორი ფერის, შავისა და თეთრის, კომბინაციას ჰოლივუდის ოქროს ხანაში გადავყავართ, ეპოქაში, რომელიც, ალბათ, „დიდ გეტსბის“ გვახსენებს. საღებავის ბზინვარებას მასში გარეული უმცირეს ნაწილაკებად დაფშვნილი მინა განაპირობებს. 


ეს ყველაფერი არ არის: ავტომობილს 18-კარატიანი ოქროსგან შექმნილი Spirit of Ecstasy — როლს-როისის ლეგენდარული სიმბოლო ამშვენებს... და თითქოს ეს საკმარისი არ იყო, ფიგურა გარედან 24-კარატიანი ოქროს ფენითაა დაფარული. „მფრინავი ლედის“ სიმბოლო მინანქრის ხელნაკეთ სადგარზე დგას, რომელზეც წარწერა Phantom Centenary-ია გრავირებული.

განსაკუთრებული ინტერიერი

ფანტომის სალონი კომიქსებიდან გადმოხატულს ჰგავს — უკანა სავარძლების საფარი ერთი დიდი მხატვრული ტილოა, რომელიც მოდელის ისტორიას მოგვითხრობს. ეს, ფაქტობრივად, გიგანტური გობელენია, რომელიც როგორც ლეგენდარული მოდელის შექმნის, ისე მისი ცნობილი მფლობელებს შესახებ გვიყვება — კომპანიის განცხადებით, ხელოვნების ეს ნიმუში 160000-ზე მეტი ნაკერისგან არის შექმნილი. 

უნდა განიმარტოს ისიც, თუ რატომ არის უკანა სავარძლები ნაჭრის — 100 წლის წინ, როცა პირველი Phantom გამოვიდა, ავტომობილში ტყავით მხოლოდ წინა სავარძლები იყო დაფარული, რადგან ისინი მძღოლებისთვის იყო განკუთვნილი. თავის მხრივ, უნიკალურად არის გაფორმებული საკოლექციო მანქანის წინა სავარძლებიც, რომლებზეც ლაზერით 1923 წლის Phantom I-ი ამოტვიფრეს — ავტომობილს ფრთები აქვს და ზეცისკენ მიფრინავს, რაც ალუზიაა ამ მოდელის ზედმეტსახელ „თოლიაზე“. 


სხვა დიდებულ დეტალებთან ერთად, ხელოვნების ნიმუშია კარის ხის პანელებიც, რომლებიც ხეზე მეტად გრავიურებს უფრო მოგვაგონებს — თითოეული პანელის დიზაინი უნიკალურია, ლაზერული კვეთით შესრულებულ დეკორაციებს მთელ ზოლზე 24-კარატიანი ოქროსგან შექმნილი „ბილიკი“ გაჰყვება, რომელიც შავ ფერთან შესანიშნავ კონტრასტს ქმნის. 

ტრადიციულად, განსაკთრებულია მგზავრებისთვის განკუთვნილი მაგიდების დიზაინიც, რომლებზეც Phantom I და Phantom VIII არიან ამოტვიფრული. Rolls-Royce-მა ხელოვნებად აქცია თეთრ-ოქროსფერი საფარიც, რომელიც 6.75-ლიტრიან V12 ძრავას ფარავს.

შედეგად, მივიღეთ მანქანა, რომელიც სატარებლად, ალბათ, დაგენანებათ — ეს უფრო სამუზეუმო ექსპონატია, ვიდრე ტრანსპორტი. მიუხედავად ამისა, როლს-როისმა კიდევ ერთხელ დაგვიმტკიცა, რომ დეტალებზე ყურადღების გამახვილებასა და ავტომშენებლობის ხელოვნებად ქცევაში კონკურენტი ვერ ეყოლება. 

მსგავსი სიახლეები