აუქციონი, Lamborghini, სუპერქარი, Lamborghini Aventador, ლამბორგინი, ლამბორგინი მიურა, ლამბორგინი ავენტადორი, Lamborghini Miura
Aa
Aa

იხილეთ უიშვიათესი Lamborghini, რომელიც აუქციონზე გაიყიდება

მოდელი, რომელმაც Lamborghini საავტომობილო რუკაზე გამოაჩინა, რა თქმა უნდა, Miura იყო. როგორც პირველი ჭეშმარიტი სუპერქარი, ის იქცა უნივერსალურ ფორმულად ყველა შემდგომი მოდელისთვის. ახლა კი აუქციონზე მიურა არა, თუმცა მიურას პატივსაცემად შექმნილი ავენტადორი იყიდება. 

2017 წელს იტალიურმა ავტომწარმოებელმა Aventador Miura Edition-ის სულ 50 ეგზემპლარი შექმნა. Lamborghini-ს ფანებს გემახსოვრებათ, რომ 2000-იანი წლების დასაწყისში კომპანია თანამედროვე Miura-ს გამოშვებას გეგმავდა, თუმცა, მიუხედავად დიდი მოლოდინებისა, ბრენდმა განაცხადა, რომ წარსულზე მეტისმეტად მიჯაჭვულ მოდელებს აღარსდროს გააცოცხლებდა.  

დიახ, სწორად გახსოვთ, ეს მიდგომა მალევე დაივიწყეს, რადგან ისეთი „გაცოცხლებული“ ავტომობილები, როგორიც Countach LPI 800-4-ია, ძალიან კარგად იყიდებოდა. Aventador-ის განახლებულ ვერსიამდე კი სწორედ ხსენებული Aventador Miura Edition მივიღეთ.


ნაცვლად იმისა, რომ საიუბილეო ავენტადორი მიურასთვის გარეგნულად მიემსგავსებინათ, Lamborghini-ში გადაწყვიტეს, ავენტადორი ნოსტალგიურად შეეღებათ, Miura-ს რამდენიმე დეტალი მიემატებინათ და ეს დასრულებულ საქმედ ჩაეთვალათ — შესაბამისად, ემოციურ დატვირთვას თუ გვერდზე გადავდებთ, ეს ჩვეულებრივი ავენტადორია. 

ძრავაც შესაბამისია — 6.5-ლიტრიანი ატმოსფერული V12, რომელიც 691 ცხ.ძ-სა და 686-ნიუტონიან მაბრუნ მომენტს გამოიმუშავებს, რაც საბოლოოდ 7-სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფით ოთხივე ბორბალს გადაეცემა. 

აუქციონზე გამოტანილი მოდელი განსაკუთრებულია იმითაც, რომ მისი ოდომეტრი ძალიან მცირე მანძილს, 528 მილს აჩვენებს (850 კმ) — როგორც ჩანს, ეს უმშვენიერესი ავტომობილი სატარებლად მფლობელსაც დაენანა. 

თუ ყიდვას გადაწყვეტთ, წინასწარ იცოდეთ, რომ Diamond Motorworks-ის აუქციონზე ამ ლამბოს საწყისი ფასი $500000 იქნება... ავტომობილის ისტორიაში ავარიები არ იძებნება — ის უნაკლოა და ეძებს მფლობელს, რომელიც ისე გაუფრთხილდება, როგორც ეს განსვენებულ ფერუჩიოს ენდომებოდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები