ეს ახალი ჩინური ბატარეა თქვენს ელექტრომობილს ერთი დამუხტვით 1300 კმ-ს გაატარებს
ჩინური ავტომწარმოებელი Chery აქტიურად ცდის მყარსხეულიან ბატარეას, რომელიც, წარმატების შემთხვევაში, ელექტრომობილს, სულ მცირე, 1280 კილომეტრს გაატარებს.
Chery-ს ამ პროდუქტს ელექტრომობილების მძღოლების დისტანციასთან დაკავშირებული მუდმივი თავისტკივილისგან გათავისუფლება შეუძლია. 
ამ ტიპის ბატარეებს, დაახლოებით ერთი წელია, მერსედესიც ტესტავს და წინასწარი მონაცემებით, გერმანული კომპანიის პროტოტიპით აღჭურვილი ავტომობილი, საშუალოდ, 900-1200 კილომეტრს გაივლის.
მიუხედავად იმისა, რომ ამ მოცულობის ბატარეების ფართო მოხმარებაში ჩაშვებამდე, შესაბამისი დამმუხტველი ტექნოლოგიები და ინფრასტრუქტურაც უნდა მომზადდეს, ეს წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. 
და ეს ყველაფერი არ არის... მყარსხეულიანი ბატარეა გარემოსდამცველებისთვისაც უფრო მისაღები ვარიანტია, რადგან, ძალიან მარტივად თუ ვიტყვით, ეს უფრო პატარა ზომის ბატარეაში მოქცეული, თუმცა გაზრდილი დისტანციაა, რომლის წარმოებაც ბუნებას ნაკლებად დააზარალებს.
რატომ მყარსხეულიანი ბატარეა?
ელექტრომობილების მყარსხეულიანი ბატარეების შექმნაზე არაერთი ავტომწარმოებელი მუშაობს, რადგან ამ ტექნოლოგიას თამაშის წესების შეცვლა შეუძლია.
თუ Mercedes-ს დავესესხებით, იდენტური წონისა და ზომის ტრადიციულ, თხევადელექტროლიტიან ბატარეასთან შედარებით, მყარსხეულიანი 25%-ით გაზრდილ მართვის დისტანციას გვთავაზობს. ასევე, მყარელექტროლიტიანი ბატარეის გაგრილება უფრო მარტივიცაა (და გადახურების შიშიც არ გექნებათ).
თუ Chery-ს არა, Mercedes-ს მაინც ხომ გამოუვა? როგორც ჩანს, ელექტრომობილების მომავალი ნათელია...