Mazda, ხელოვნური ინტელექტი, მაზდა, იაპონური, იაპონიის ავტოშოუ, Mazda Vision-X Compact, AI
Aa
Aa

მანქანა, რომელიც თქვენი მეგობარი გახდება — გაიცანით Mazda Vision-X Compact

თუ მცირე ზომის მანქანები გიყვართ, Mazda-მ იაპონიის ავტოშოუზე სიურპრიზი მოგიმზადათ. ეს ახალი Vision-X Compact-ია, რომელიც Mazda2-ის პატარა ორეულს ჰგავს. 

როგორც Vision-X Coupe-ს, ისე Compact-ის ცხაურა სრულად დაფარულია და მაზდას უმშვენიერეს სიმბოლოსთან ერთად მინიმალისტური განათებები ამშვენებს. პატარა ფარები და ციფრული უკანა ხედვის გვერდითა სარკეები კი Vision-X-ს სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმიდან გადმოსულს ამსგავსებს.


მომრგვალებული ფორმებისა და პანორამული ჭერის მქონე ავტომობილი სიგრძეში 3.8, სიგანეში 1.8, სიმაღლეში კი 1.47 მეტრია, რაც ნიშნავს, რომ Mazda2-ზე ვიწრო და დაბალია. 

მინიმალისტურ ექსტერიერს ეხმიანება კომპაქტის ინტერიერიც — ბრტყელი, მარტივი საჭე და ინსტრუმენტების წრიული პანელი. 

რაც შეეხება ტექნოლოგიას, იაპონელებმა იმედები ახლაც არ გაგვიცრუეს — ვისაც ტამაგოჩები გახსოვთ, გეტყვით, რომ Vision-X თქვენი ძველი ემოციების გაცოცხლებას ეცდება. ის აღჭურვილია ემპათიური ხელოვნური ინტელექტით, რომელიც მძღოლის საუკეთესო კომპანიონი იქნება. კომპანიის განცხადებით, მათი მიზანია, მძღოლსა და ავტომობილს შორის ემოციური, მეგობრობის მსგავსი კავშირი დამყარდეს.

მართალია, ესეც სამეცნიერო ფანტასტიკასავით ჟღერს, თუმცა მიზანიც სწორედ ესაა — დამყარდეს გულწრფელი კავშირი ადამიანებსა და ავტომობილებს შორის. ამიტომ მოემზადეთ თქვენს მანქანასთან მეგობრული საუბრებისთვის, შესჩივლეთ მას გასაჭირი და მოისმინეთ მისი აზრიც. 

მაზდა უფრო შორსაც წავიდა — მათი თქმით, ხსენებულ AI-ს მძღოლის ხასიათის წაკითხვა შეეძლება და მის შესაბამის ფლეილისთსაც მიაწვდის ხოლმე. თუ ის მიხვდება, რომ საუბარი არ გსურთ, უბრალოდ გაჩუმდება...

მართალია, Vision-X Compact-ის გამოსვლის თარიღი ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა ფაქტია, მომავალი არც ისე შორს არის! (და დიახ, თუ პირადი ტრანსფორმერი თქვენც გესიამოვნებოდათ, ეს დიდებული ამბავია).

მსგავსი სიახლეები