„სიჩქარის კამერები მძღოლებს ძარცვავს“ | კანადაში მათი ჩანაცვლება იგეგმება
კანადაში, კერძოდ კი ქვეყნის ერთ-ერთ ცენტრალურ პროვინცია ონტარიოში მცხოვრებ მძღოლებს სიჩქარის გადაჭარბების გამო, კამერების მიერ დაწერილ ჯარიმებზე ფიქრი აღარ მოუწევთ. ადგილობრივი მმართველობის განცხადებით, მომდევნო ორ კვირაში ტერიტორიაზე განთავსებული ყველა ავტომატიზებული სიჩქარის კონტროლის კამერა მოიხსნება და ისინი ახალი მიდგომით ჩანაცვლდება.

სიჩქარის მაკონტროლებელი კამერების მოხსნის მიზეზი ცოტა არ იყოს უცნაური, თუმცა ალბათ ბევრისთვის მისაღებიცაა: მოწყობილობები მოძველებულ „ძარცვის“ მექანიზმად იქნა მიჩნეული. კამერები წლებია უკვე ონტარიოში ავტომობილების მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი მარეგულირებელია. მძღოლების ნაწილი მიიჩნევს, რომ ისინი უბრალოდ თავიანთ „საქმეს ასრულებენ“ - აფიქსირებენ კანონდამრღვევებს და პოლიციელების ჩარევის გარეშე გზებზე უსაფრთხო მოძრაობას არეგულირებენ, თუმცა კრიტიკოსებიც უხვად არიან.
მათი მტკიცებით, ამ კამერების მთავარი დანიშნულება შემოსავლის ზრდა იყო და არა, გზებზე უსაფრთხოება. თავად ქალაქის უმაღლესმა წარმომადგენელმაც კი, კამერებს „ძარცვა“ უწოდა და განაცხადა, რომ სიჩქარის გადაჭარბების რისკის შესამცირებლად მათი ეფექტიანობა საკმაოდ დაბალია. საბოლოოდ, ქალაქის მმართველობამ სიჩქარის კამერების მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა მანამდე, დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში, მოწყობილობებზე ვანდალური თავდასხმების რამდენიმე ფაქტიც დაფიქსირდა.

ახლა უკვე სიჩქარის კამერებს სიჩქარის შემზღუდველი ბორდიურები, მოციმციმე ნიშნები, წრიული გზაჯვარედინები და მსგავსი ტიპის, მოძრაობის შენელებისთვის განკუთვნილი ზომები ჩაანაცვლებს. ეს ყველაფერი უფრო მაღალ ხარჯებთანაც იქნება დაკავშირებული, თუმცა როგორც ცნობილია ამისთვის სპეციალური ფონდი შეიქმნება.
ვერ ვიტყვით, რომ ამ ნაბიჯმა პროვინციის ყველა მაცხოვრებლისგან დადებითი შეფასება დაიმსახურა. მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ სიჩქარის კამერები ავარიების შესამცირებლად ეფექტიანი მიდგომაა, რასაც ბევრი კვლევაც ადასტურებს. თქვენ რას ფიქრობთ ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით?