Ford, გაწვევა, Ford F-150, ფორდი, Ford Flex
Aa
Aa

Ford „ახალ მწვერვალებს იპყრობს“ — კომპანიამ 114 000 მანქანა უკან გაიწვია

Ford-მა ერთგულ კლიენტებს ჰელოუინის აღსანიშნავად საჩუქარი მოუმზადა... ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით — სინამდვილეში, ამერიკული გიგანტი ხარვეზების გამო უკან დამატებით 114000 ავტომობილს გაიწვევს. ეს სამი მოდელის ეგზემპლარების ჯამია, რაც ჯამურად ფორდის მიერ უკან გაწვეული მოდელების რიცხვს 134-მდე სწევს — ეს კი მეორეადგილოსან General Motors-ზე 113-ით მეტია. ერთი სიტყვით, ლურჯი ოვალი ამაში ნამდვილად ჩემპიონია...

მოდი, ცეცხლს ნავთი მოვასხათ და გეტყვით იმასაც, რომ წელს ფორდმა უფრო მეტი ავტომობილი გაიწვია უკან, ვიდრე GM-მა, BMW-მ, Honda-მ, Mercedes-მა და Hyundai-მ ერთად. 

მოდი, დავიწყოთ სათადარიგო ნაწილების პრობლემებით — აშშ-ის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ადმინისტრაციის განცხადებით, შესაძლოა, სიჩქარეთა ათსიჩქარიანმა კოლოფმა 34481 მძღოლის ავტომობილი პარკინგის რეჟიმიდან ნებისმიერ დროს ამოაგდოს...

ამ კონკრეტულ გამოშვებას 2017-2021 წლებში Ford-ისა და Lincoln-ის არაერთი მოდელის სათადარიგო ნაწილად იყენებდნენ. პრობლემა ისაა, რომ შესაძლოა, ამ კოლოფებში საკისარი არ იყოს დამონტაჟებული, რაც დაგორების რისკს ზრდის... ვერ არის მაინცდამაინც სასახელო შეცდომა, არა?

შესაბამისად, ეს პრობლემა მოდელების ფართო სპექტრს შეეხო: F-150, Expedition, Navigator, Ranger, Explorer, Transit, Mustang... ხარვეზის შესახებ ფორდმა მიმდინარე წლის ზაფხულში შეიტყო, როცა მუსტანგის მძღოლმა იჩივლა ავტომობილის დაგორების გამო. სიჩქარეთა კოლოფის დაშლის შემდეგ საკისარი ვერსად ნახეს, მალევე კი კიდევ ერთმა შემთხვევამ იჩინა თავი...

გამოწვევის ფარგლებში (და აქ ტიკტოკ გამოწვევას არ ვგულისხმობთ), ფორდი მხოლოდ 8000-მილზე დაბალი გარბენის მქონე ავტომობილებს შეამოწმებს და საჭიროების შემთხვევაში, გადაცემათა კოლოფს შეუცვლის. მოდი, ფორდის მფლობელები ხელის მუხრუჭის გამოყენებას მაინც ნუ დაივიწყებთ...

2017-2019 წლების Ford Flex ხომ არ გყავთ? შეიძლება, თქვენი მანქანა გაწვეული 64938-ში ერთ-ერთია... აღმოჩნდა, რომ შესაძლოა, შუა მგზავრობისას, ცენტრალურ დგარზე არსებული, მძღოლის კარის საპირე თქვენს მანქანას მოსძვრეს და საფრთხე შეგიქმნათ როგორც თქვენ, ისე მოძრაობის სხვა მონაწილეებს. 

ბოლოს, ფორდი 2022-2023 წლებში გამოშვებულ 14843 ცალ F-150 Lightning-საც გამოიწვევს. ამ შემთხვევაში, კომპანიის დანაშაული მეტ-ნაკლებად, საპატიოა — შესაძლოა, ამ მოდელების უკანა გაბარიტულ ფარებზე თვალით უხილავი დაზიანებები იყოს, რაც ფარში წვიმის მოხვედრას და, სავარაუდოდ, მის გაფუჭებას გამოიწვევს. თუმცა, მთავარი პრობლემა ის არის, რომ ეს მოდელები 2023-შიც გაიწვიეს და, როგორც ჩანს, საუკეთესოდ ვერ შეაკეთეს...

ფორდი მფლობელებს ნოემბერში დაუკავშირდება და ხარვეზებს, სავარაუდოდ, 2026 წლის მარტამდე მოაგვარებს.

მსგავსი სიახლეები