Samsung და BMW ახალი თაობის ელექტრომობილების განსავითარებლად გაერთიანდნენ
კორეული ელექტრონიკის გიგანტი Samsung და გერმანული ავტომწარმოებელი BMW, ამერიკულ Solid Power-თან ახალი თაობის მყარი მდგომარეობის ელექტრომობილების შესაქმნელად გაერთიანდნენ. მხარეებს შორის პროექტზე თანამშრომლობის ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა.
მყარი მდგომარეობის აკუმულატორებს ბევრი კომპანია ელექტრომობილების მომავლად მიიჩნევს, რომელსაც მრავალი არსებული პრობლემის გადაჭრა შეუძლია. ადვილი გასაგებია, რომ ელექტრომობილებში მსგავსი ტიპის მიდგომა უზრუნველყოფს უფრო დიდ დიაპაზონს, სწრაფ დამუხტვას და, ამავდროულად, ავტომობილის სასიცოცხლო ციკლის გახანგრძლივებას. ამისათვის, ლითიუმ-იონურ აკუმულატორებში არსებული თხევადი ელექტროლიტების ნაცვლად, მყარი ელექტროლიტები გამოიყენება.

სწორედ მსგავსი ტიპის ბატარეების განვითარებისა და მასობრივი წარმოებისთვის გაერთიანდა სხვადასხვა ინდუსტრისა და მათ შორის ქვეყნის, სამი გიგანტი. პარტნიორობის ფარგლებში, Samsung SDI, ამერიკული Solid Power-ის მიერ შემუშავებული მყარი ელექტროლიტის გამოყენებით, ASSB-ის ბატარეის ელემენტებს შექმნის. ხოლო BMW-ის ამ ელემენტების ბატარეების პაკეტში გამოყენება და ახალი თაობის ავტომობილებში დატესტვა ევალება.

გერმანული ავტომწარმოებლის ამ პროექტში ჩართულობა გადამწყვეტია, რადგან სწორედ ის წარმოადგენს დამაკავშირებელ ხაზს, რომლითაც მისი პარტნიორების შექმნილი მყარსხეულიანი ბატარეები კომერციულ პროდუქტად იქცება. თან რაც მთავარია, მასობრივ მომხმარებელზეც გავა. BMW-ის i7 ტექნოლოგიის გამოსაცდელად მიუნხენის ქუჩებში უკვე გამოჩნდა.
Samsung-ისა და BMW-ის გარდა, მყარსხეულიანი ბატარეების განვითარებაზე სხვა კომპანიებიც ქტიურად მუშაობენ. მათ შორისაა Volkswagen, რომელმაც მსგავსი ტიპის ბატარეით აღჭურვილი პირველი მოდელი უკვე წარადგინა - თუმცა, ეს შესაძლოა სულაც არ იყოს ის, რასაც ელოდებით.

Toyota-ს შემთხვევაში საქმე სულ სხვანაირადაა. იაპონური ავტომწარმოებელი თავის ახალ ტექნოლოგიას „წმინდა გრაალსაც“ კი უწოდებს და როგორც ამბობს, რევოლუციური ელექტრომობილის გასაშვებად ემზადება.