უკანა ხედვის კამერის ხარვეზის გამო, Toyota-ს, Subaru-სა და Lexus-ის მილიონ მოდელს გაიწვევენ
საიდუმლო არავისთვის არის, რომ Toyota საიმედოობით გამორჩეული ბრენდია, რომლის რეპუტაციასაც ამ მარკის ავტომობილებში დაფიქსირებული ხარვეზების სიმცირე განაპირობებს. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ Toyota თავის ავტომობილებს უკან არ იწვევს ხოლმე — ხშირ შემთხვევაში, გაწვევა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ავტომწარმოებელი ხარისხიან პროდუქტს ვერ აწარმოებს — პირიქით, ეს იმის ნიშანია, რომ ბრენდს თავისი პროდუქტი და მომხმარებლის უსაფრთხოება ადარდებს და მზადაა, თავისი შეცდომები გამოასწოროს.
სწორედ ამიტომ, დეკემბერში კამერის ხარვეზთან დაკავშირებული გაწვევა მილიონზე მეტ ავტომობილს შეეხება. თუ გყავთ Toyota-ს ან Lexus-ის 2022-2025 წლებში გამოშვებული მოდელები ან 2023-2025 წლების Subaru Solterra, შესაძლოა, აღნიშნულ გაწვევაში მოხვდეთ და Toyota-ს ოფიციალური სერვის ცენტრი აღნიშნულ ხარვეზს უფასოდ გამოასწორებს.
როგორც აღინიშნა, გაწვევის მიზეზი კამერისა და ცენტრალური მონიტორის ხარვეზია, როცა უკუსვლისას კადრი იყინება ან ეკრანი შავდება. ავტომობილის ხელახლა დაქოქვამ, შესაძლოა, ეს პრობლემა მხოლოდ გაართულოს. აშშ-ის საავტომობილო გზების უსაფრთხოების ადმინისტრაციაში აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით 573 საჩივარი შევიდა. 
Toyota-ს, lexus-ისა და Subaru-ს დილერებმა შესაბამისი გაფრთხილებები შეერთებულ შტატებში უკვე მიიღეს, თუმცა გაწვევა ოფიციალურად დეკემბრის შუიდან დაიწყება. პრობლემის მოგვარების პროგრამული გზა უკვე შემუშავებულია და, შესაბამისად, ხარვეზიანი ავტომობილების მძღოლებს სერვისცენტრებში დიდი დროის გატარება არ მოუწევთ. როგორც ნებისმიერი უკან გაწვევის შემთხვევაში, შეკეთების საფასურის გადახდა, რა თქმა უნდა, არავის მოუწევს.
იმის შემოწმება, არის თუ აშშ-ში შეძენილი ავტომობილი გაწვეული, VIN კოდის საშუალებით NHTSA-ს ვებსაიტზე შეიძლება.