Bentley, ელექტრომობილები, ბენტლი, ბენტლი კონტინენტალი, ბენტლი კონტინენტალ ჯითი, Bentley Continental GT
Aa
Aa

როგორი იქნება ისტორიაში პირველი უკანა ამძრავი Bentley Continental GT?

გასულ თვეში, Bentley-მ Continental GT-ის კუპე წარადგინა და მიგვანიშნა, რომ Supersports სერიის დაბრუნებას გეგმავს. ამჯერად ბრიტანულმა ავტომწარმოებელმა ეს ინფორმაცია დაადასტურა და გვითხრა ისიც, რომ ისტორიაში პირველად, Continental GT უკანაამძრავიანი იქნება.

ძვირადღირებული სპორტული ავტომობილის წარდგენა ნიუ-იორკში, 14 ნოემბერს გაიმართება. მიუხედავად იმისა, რომ დეტალების შესახებ ჯერჯერობით, თითქმის არაფერი ვიცით, კომპანიამ გაგვანდო, რომ ეს ლეგენდარული მოდელის ყველაზე მსუბუქი და კომფორტულად სამართავი ვარიანტი იქნება. ასევე, გავიგეთ ისიც, რომ Supersports შეზღუდული რაოდენობით გამოვა.

Supersports-ს წინა ბორბლების უკან ნახშირბადის-ბოჭკოს აეროდინამიკური „ფარფლი" ექნება, რომელიც ასევე ნახშირბადის ბოჭკოსგან დამზადებულ, კონტინენტალის კორპუსის ქვედა ნაწილში გამავალ პანელს მიუერთდება.

ელექტრომობილები ბენტლისგან?

Continental GT Supersports არ არის ერთადერთი ახალი მოდელი, რომელიც ბრიტანულმა ავტომწარმოებელმა წარადგინა. ბენტლი უკვე ღიად საუბრობს ელექტრომობილების წარმოების გეგმებზეც. წარსულში კომპანია თამამად აცხადებდა, რომ 2035 წლისთვის მისი ყველა მოდელი სრულად ელექტრო იქნებოდა, თუმცა ახლა უფრო ფრთხილ მიდგომას არჩევს, რადგან, როგორც ჩანს, მოთხოვნა ბენტლის დამუხტვად ჰიბრიდებზე საკმაოდ მაღალია. 

მიუხედავად სიფრთხილისა, პირველი სრულად ელექტრო მოდელი 2027 წელს გამოვა (წარდგენა კი 2026 წელს გაიმართება). ბენტლიში ამ მოდელს Luxury Urban SUV-ს უწოდებენ, თუმცა, უდიდესი ალბათობით, ბრიტანელები წარმოების დაწყებამდე უკეთეს სახელს შეარჩევენ. Bentley-ს განცხადებით, აქცენტი სწრაფად დამუხტვაზე კეთდება — მიზანია, რომ 160 კილომეტრის გასავლელად საკმარისი მუხტი ავტომობილმა სულ რაღაც 7 წუთში მიიღოს. ბოლოს კი, ვიცით მხოლოდ ის, რომ აღნიშნული ელექტრომობილი სიგრძეში 4.9 მეტრზე მოკლე იქნება... (მაინცდამაინც დეტალური ინფორმაცია ვერ არის, ხომ?)

ისღა დაგვრჩენია, 2026 წლის მეორე ნახევარს დაველოდოთ...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები