Tesla ბავშვებისთვის უსაფრთხო არ არის | რას აცხადებენ მშობლები?
ფედერალური გამომძიებლები, კვლავ კარის სახელურის პრობლემის გამო, ელექტრომობილების ამერიკულ მწარმოებელ Tesla-ზე ზეწოლას აძლიერებენ. გასულ კვირას, აშშ-ის საგზაო უსაფრთხოების ადმინისტრაციამ კომპანიას წერილობითაც მიმართა და შიდა დოკუმენტებზე წვდომა მოითხოვა. არსებული ცნობებით, გამოძიების ახალი ტალღა მშობლების შეშფოთებებს უკავშირდება, რომლებიც ბავშვების მანქანებიდან გადმოყვანას ვერ ახერხებდნენ.

უსაფრთხოების მარეგულირებელი ორგანოს განცხადებით, გამოძიების დაწყების მომენტისთვის ცხრა საჩივარი იყო შესული, ახლა კი მათი რაოდენობა 16-მდე გაიზარდა. მომჩივანი მხარის განცხადებით, 12-ვოლტიანი აკუმულატორის ძაბვის ვარდნისას, ისინი თავიანთი Model Y-ის SUV-ის კარების გაღებას ვერ ახერხებდნენ - პრობლემა, რაც შესაძლოა განსაკუთრებით სახიფათო იყოს ბავშვების შემთხვევაში.
მიუხედავად იმისა, რომ Tesla კარებს მექანიკური საგანგებო გაღების ფუნქცია აქვს, რომლის ამოქმედებაც მანქანის შიგნიდან არის შესაძლებელი. თუმცა ეს საუკეთესო ალტერნატივაა არაა მაშინ, როდესაც მცირე ასაკის ბავშვი უკანა სკამზე, სპეციალურ სავარძელშია მოთავსებული. ერთ-ერთი მშობლის განცხადებით, ინციდენტის დროს ქალაქში 27 გრადუსი სიცხე იყო, ის კი ბავშვის მანქანიდან გადმოსაყვანად იძულებული გახდა 911-ში დაერეკა.

ასევე იყო შემთხვევა, როდესაც ბავშვის გადასარჩენად სასწრაფო დახმარების ბრიგადას ელექტრომობილის ფანჯრის ჩამტვრევა მოუხდათ. Model Y-ის მფლობელის თქმით, ბავშვი პანიკაში იყო, რის გამოც საავადმყოფოში გადაიყვანეს. არსებული საქმეების გათვალისწინებით, გამომძიებლები შიშობენ, რომ შესაძლოა მსგავსი გამოცდილება სხვა მძღოლებსაც ჰქონდეთ.
ამასთან ერთად, Tesla-ს წინააღმდეგ სააგენტოში არაერთი სარჩელია შესული. მათ შორის ავარიებთან და ფატალურ შემთხვევებთან დაკავშირებით. ერთ-ერთ ბოლო ავარიას, რომლის დროსაც მგზავრებმა მანქანიდან გადმოსვლა ვერ შეძლეს რამდენიმე ადამიანი, მათ შორის არასრულწლოვანი ემსხვერპლა.