ბიემვი, მერსედეს-ბენცი, მერსედეს-ბენცი ჯიელბი, მერსედეს-ბენცი სიელეი
Aa
Aa

ახალი Mercedes GLB: სამი ეკრანით, შვიდი სავარძლითა და ძალიან ბევრი ვარსკვლავით

Mercedes თავის მთავარ გერმანულ კონკურენტ BMW-სთან კონკურენციას ამძაფრებს და ბაზარს კომპაქტური ავტომობილების გაფართოებულ ხაზს სთავაზობს. თუმცა მაშინ, როდესაც BMW-მ შვიდადგილიანი მოდელების გამოშვებაზე უარი განაცხადა, როგორც ჩანს Mercedes მოთხოვნას კვლავ ხედავს და შედეგიც სახეზეა.

გერმანელებმა მეორე თაობის GLB წარადგინეს, სამი ეკრანით, შვიდი სავარძლითა და როგორც ამბობენ, ძალიან ბევრი ვარსკვლავით. GLB-ის დებიუტი მიმდინარე წლის 8 დეკემბერს შედგება, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში ის 2027 წლიდან გამოჩნდება.

ახალი GLB თავის ცნობილ „ყუთისებრი დიზაინს“ ინარჩუნებს, მაგრამ სრულიად განსხვავებულ ინტერიერს გვთავაზობს, როგორც უკვე გითხარით სამი ციფრული ეკრანით. ეს კი, გარკვეულწილად ახალი CLA-ის მოდელებსაც გვახსენებს. თუმცა MBUX Superscreen-ის დაყენება (ინსტრუმენტთა დაფაზე სამი ეკრანი) არჩევითია და შესაბამისად, საბაზისო მოდელებში მგზავრის მხარეს ეკრანი არ დაგვხვდება.

გავრცელებული ფოტოებიდან მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ ეკრანების  განლაგება და მართვის საშუალებები ძირითადად იგივეა, რაც ახალ CLA-ში. არსებული პროგნოზებით, ავტომობილს ერთი 10.25-ინჩიანი ციფრული პანელი და ორი 14-ინჩიანი სენსორული ეკრანი ექნება.

დამატებითი თანხის გადახდის სანაცვლოდ კი, მყიდველები განათებული „ვარსკვლავებით“ გაფორმებულ პანორამულ შუშის სახურავსაც მიიღებენ. რეალურად, ეს ვარსკვლავები Mercedes-ის ლოგოებია, რომელსაც ფოტოზეც კარგად ხედავთ. ღილაკზე ერთი დაჭერით, მინა  გამჭვირვალიდან გაუმჭვირვალე ხდება და პირიქით. თუმცა საბაზისო ვერსიას სტანდარტული შუშის სახურავი აქვს, განათების ან დაბინდვის ფუნქციების გარეშე.

CLA-სგან ყველაზე დიდი განმასხვავებელი კი, 7-ადგილიანი სივრცეა. მესამე რიგში თქვენ შესაძლებლობა გაქვთ 2- და 3-სავარძლიანი ვერსიები აირჩიოთ. ავტომობილი მეტი საბარგულის სივრცისთვის უკანა სავარძლების დაკეცვის საშუალებასაც იძლევა.

ახალი GLB-ის შესაძლებლობების შესახებ ჯერ მხოლოდ მცირე ინფორმაციას თუ ვფლობთ. არსებობს ვარაუდები, რომ ამ შემთხვევაშიც მოდელი ახალ CLA-ს დაემსგავსება. ეს ნიშნავს მაილდ ჰიბრიდ სისტემას, როგორც ერთი, ასევე ორძრავიანი ვარიანტებით - 1.5-ლიტრიანი, ტურბოჩარჯერით აღჭურვილი M252-ის 4-ცილინდრიანი ძრავით. ძრავა 8-სიჩქარიან ორმაგი გადაბმულობის ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან იქნება დაწყვილებული და სტანდარტულ წინაამძრავ ან არჩევით სრულადამძრავ სისტემას შემოგვთავაზებს.

 

მსგავსი სიახლეები