Airbus-ისა და Mercedes-ის კოლაბორაცია | იხილეთ ძვირადღირებული ვერტმფრენი
საავტომობილო ბაზარზე ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ფასები კატასტროფულად გაიზარდა — მაგალითად, აშშ-ში ბიუჯეტური სეგმენტი, ფაქტობრივად, აღარ არსებობს, ხოლო მდიდრული სეგმენტი რიგითი „მოკვდავისთვის“ ურთულესი პერსპექტივაა. Mercedes-Maybach-ის მოდელების ფასები, საშუალოდ, 180 000-დან 250 000 დოლარამდე მერყეობს, თუმცა გერმანული ავტომწარმოებლის ლოგო კიდევ ერთ სატრანსპორტო საშუალებას ამშვენებს, რომლის ფასთან შედარებითაც, ყველაზე მდიდრული ავტომობილის ფასიც კი მეტისმეტად „ბიუჯეტურია“.
ცხადია, ვერტმფრენზე ვსაუბრობთ, რომელიც მერსედესმა Airbus Corporate Helicopters-თან ერთად შექმნა. სინამდვილეში, ალბათ, უსამართლო იქნება, თუ ACH145-ს „მერსედესს“ დავუძახებთ, რადგან გერმანულ ბრენდს მხოლოდ მისი ინტერიერის დიზაინი ეკუთვნის — სხვა ყველაფერი ფრანგული ავიაკომპანიისაა... 
მართლაც, ACH145 Mercedes-Benz Edition-ის სალონი EQS-ის, ან Maybach-ის რომელიმე პროტოტიპის სალონს მოგაგონებთ. სპეციალური, გამოყვანილი სავარძლები, ძვირადღირებული ტყავი, ხისა და ლითონის დეტალები. ერთი სიტყვით, ეს არ არის სტანდარტული ვერტმფრენი, ეს სასტუმროს პროპელერიანი ნომერია...
მყიდველებს ინტერიერის დიზაინის არჩევა 6 განსხვავებული თემატიკით შეუძლიათ — Atlas, Meteor, Phoenix, Zenith, Polaris, Solaris.
ხუთფრთიან ვერტმფრენს 4 მგზავრის გადაყვანა შეუძლია, თუმცა შესაძლოა, ეს რიცხვი 8-მდეც გაიზარდოს. მისი მაქსიმალური სიჩქარე, დაახლოებით, 250კმ/სთ-ს (137 კვანძი) შეადგენს და ასევე, მას ჰაერში 4 საათის გატარება შეუძლია. წინა მოდელებთან შედარებით, აღნიშნული ვერტმფრენს 150კგ-ით მძიმე ტვირთის გადაზიდვა შეუძლია და ნაკლებად ხმაურიანია. 

სატრანსპორტო საშუალების დებიუტი სან-პაულუში გაიმართა, რომელიც, რამდენად უცნაურიც არ უნდა იყოს, მსოფლიოს ვერტმფრენების დედაქალაქია. სხვათა შორის, ეს Mercedes-ისა და Airbus-ის პირველი კოლაბორაცია არ არის. კომპანიების პარტნიორობა 2010 წლიდან იწყება და მას შემდეგ ერთად 26 ვერტმფრენი შექმნეს.
ალბათ, შოკირებულები არ დარჩებით, თუ გეტყვით, რომ ეს ACH145 Mercedes-Benz Edition-ი ძალიან ძვირი ღირს. დიახ, მისი ზუსტი ფასი ცნობილი არ არის, თუმცა, სულ მცირე 10 000 000 დოლარი მაინც ეღირება...
View this post on Instagram