მოდიფიცირება, მერსედესი, მერსედეს ჯი-კლასი, ჯი-კლასი, მენსორი, გელენდვაგენი
Aa
Aa

ორკარიანი G-Wagen-ი, რომელიც Mansory-მ მხოლოდ 8 ეგზემპლარად გამოუშვა

Mercedes-Benz G-Class-ი იმ ავტომობილებს შორის რჩება, რომლებიც წლების მატებასთან ერთად პოპულარობას არ კარგავენ. გაყიდვების თითქმის 49-ე წელს, გერმანულმა კომპანიამ თავისი ყველგანმავალი SUV-ის რეკორდული რაოდენობა გაყიდა. მიუხედავად იმისა, რომ ელექტროფიკაციის პროცესმა ბრენდზე არაერთგვაროვანი გავლენა მოახდინა, მოდელის ტრადიციული ვერსიები კვლავ მომხმარებელთა მთავარ ფავორიტად რჩება.

თუმცა, არსებობენ მძღოლები, რომელთაც სტანდარტული G-Class-ი არ აკმაყოფილებთ და მზად არიან მის მოდიფიცირებაში სოლიდური თანხები გადაიხადონ. სწორედ ამ დროს საქმეში ტუნინგ-ატელიეები ერთვებიან და მომხმარებელთა ექსცენტრიულ სურვილებს სისრულეში მოჰყავთ.

G-Class-ის ამ საკმაოდ უცნაურ ვერსიას, რომელიც ცნობილმა კომპანია Mansory-მ შექმნა, Gronos Coupe EVO C ეწოდება. ეს მოდელი პირველად რამდენიმე წლის წინ გამოჩნდა და სულ რაღაც რვა ეგზემპლარია წარმოებული, თითოეული კი ინდივიდუალური კონფიგურაციით გამოირჩევა.

მოდელში მთავარ ცვლილებებს ერთი შეხედვითაც შეამჩნევთ: კარბონის მუქი ყავისფერი საღებავით დაფარული კორპუსი, სრულად შეცვლილი წინა ფასადი (ახალი ბამპერით, ჰაერმიმღებებით, სპლიტერითა და ცხაურით), კარბონის კაპოტი, ბორბლების გაფართოებული თაღები, მასიური უკანა დიფუზორი და სახურავზე ფიქსირებული სპოილერი. თუმცა, ყველაზე შთამბეჭდავი მაინც ის ფაქტია, რომ Mansory-ს მიერ შემოთავაზებული G-Class-ი ორკარიანია და მოდელისთვის შედარებით არაპრაქტიკული კარებითაა აღჭურვილი, რომლებიც მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით იღება.

ცვლილებები გრძელდება Gronos Coupe EVO C-ს ინტერიერშიც, რომელიც საბაზო მოდელთან შედარებით კიდევ უფრო მდიდრულია. სავარძლები, კარების პანელები, საჭე და წინა პანელი — ყველაფერი რბილი თეთრი ტყავითაა გაფორმებული, რასაც კარბონის დეტალები სრულყოფს.

გავრცელებული ინფორმაციით, Mansory-მ G-Class-ის შესაძლებლობებიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა. განახლებებით, ეს მოდელი უკვე 900 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, მაბრუნი მომენტი კი, 1 200 ნიუტონ-მეტრს აღწევს. შედეგად, ავტომობილი 0-დაბ 100-მდე სულ რაღაც 3.3 წამში ჩქარდება და მაქსიმალურ სიჩქარეს 280 კმ/სთ-ზე ავითარებს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები