ჯონ ვიკის Mustang Mach 1 აუქციონზე გაიყიდება
ჯონ ვიკის ლეგენდარული Mustang Mach 1 მიმდინარე თვეში, 25 ნოემბერს, აუქციონზე გაიყიდება, რაც ნიშნავს, რომ ბოლო ხანებში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ის კერძო კოლექციონერმა შეიძინა, სიმართლეს არ შეესაბამება.
ფილმებში გამოჩენილი ავტომობილების აუქციონზე გაყიდვა ახალი პრაქტიკა ნამდვილად არ არის, თუმცა ასეთ შემთხვევაშიც, ამდენად უნიკალურ მოდელს იშვიათად ვხვდებით.

ავტომობილი, რომელზეც ვსაუბრობთ, ფრენჩაიზში გამოყენებული 5 ერთეული 1969 Ford Mustang Mach 1-დან ერთ-ერთია — კერძოდ, მის საჭესთან კიანუ რივზი 2017 წელს, ჯონ ვიკი 2-ში ვიხილეთ.
ფილმის მთავარი გმირი სინამდვილეში Boss 429-ს მართავს, თუმცა ეს უკანასკნელი რთული და ადრენალინით აღსავსე სცენებისთვის ზედმეტად დიდი და მძიმე იყო, ამიტომ კასკადიორების Mach 1-ის საჭესთან დაჯდომა გადაწყდა.
როგორც აუქციონის აღწერაში ვკითხულობთ, ეს კონკრეტული მოდელი „შთამბეჭდავი საავტომობილო დევნის“ კადრებშია გამოყენებული. უმშვენიერეს მუსტანგთან ერთად აუქციონში გამარჯვებული ავტომობილის ავთენტურობის დამადასტურებელ სერთიფიკატსაც მიიღებს.
საკოლექციო ავტომობილის ფასი 115800-დან 231700 დოლარამდე იქნება.
აუქციონზე მხოლოდ ჯონ ვიკის მუსტანგი არ გაიყიდება. ამავე დღეს ახალი მფლობელი კიდევ არაერთ ცნობილ ფილმში გამოჩენილ ავტომობილს გამოუჩნდება — ეს ფილმებია: „უკან მომავალში", „რობოკოპი" და „მოჩვენებებზე მონადირეები“. 
გასაყიდ მოდელებს შორის იქნება არაერთი მანქანა „ფორსაჟიდანაც“, მაგალითად: 1970 Dodge Charger, 1971 Chevrolet Monte-Carlo და 2001 Mitsubishi Lancer Evolution VII.
შესაბამისად, კინომოყვარულ კოლექციონერებს კარგი დღე გაუთენდათ, რადგან მიეცემათ შანსი, საკუთარი ავტოფარეხი ეკრანზე გამოჩენილი ლეგენდებით გაამდიდრონ.