როგორი იქნება წყალბადზე მომუშავე პირველი Toyota Hilux?
მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ავტომობილების მწარმოებლები ერთმანეთის წინააღმდეგ ტექნოლოგიურ რბოლაში არიან ჩართული. იქნება ეს ავტომობილის თვითმართვადობა, სისწრაფე, მულტიმედიის მრავალფეროვნება თუ რაიმე სხვა კომპანიები ცდილობენ, კონკურენტზე ერთი ნაბიჯით წინ იყონ.
ჯანსაღი, ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის მიღება ამ რბოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელსაც, როგორც ჩანს, იაპონური გიგანტი, Toyota, ძალიან სერიოზულად ეკიდება.
ბრენდის მიერ წარმოდგენილი ორეტაპიანი გეგმით, 2026 წელს პიკაპი Hilux-ის სრულად ელექტრო, ხოლო 2028 წელს წყალბადის სათბობ ელემენტზე მომუშავე ვარიანტი გამოვა.
სიგნალი, რომელსაც იაპონელებისგან ვიღებთ, შემდეგია — კომპანია მთელ ფსონს ერთ ტექნოლოგიაზე არ ჩამოვა, ბრძოლა ყველა ფლანგზე ერთდროულად გაჩაღდება.
EV ჰაილუქსი ყოველდღიური საქმიანობისთვის იქნება განკუთვნილი — მოკლე დისტანციაზე მოგზაურობა, განსაზღვრული მარშრუტების მიყოლა, მარტივი დამუხტვა. რაც შეეხება წყალბადზე მომუშავე პიკაპს, ის რადიკალურად განსხვავებული ადამიანებისათვის იქნება შექმნილი: მათთვის, ვინც შორეულ დისტანციებს ფარავს, ქალაქგარეთ მუშაობს და არ აქვს დრო, რამდენიმე საათი დიდი ბატარეის დამუხტვას ელოდოს.
წყალბადზე დაფუძნებული Hilux-ის პროტოტიპის ტესტები გაერთიანებულ სამეფოში უკვე ჩატარდა. მონაცემები, რომლებიც ამ პროტოტიპის შესახებ მოგვეპოვება, შემდეგია: ის 134კვტ-იანი ძრავით იქნება აღჭურვილი და 300 ნიუტონის მაბრუნ მომენტს გამოიმუშავებს. ასევე, საშუალოდ ერთი შევსებით 600 კილომეტრს დაფარავს და სამი მაღალი წნევის წყალბადის ავზით იქნება აღჭურვილი.
ამ ავზების შევსებას სულ რამდენიმე წუთი სჭირდება და ავტომობილი ატმოსფეროში მხოლოდ წყლის აორთქლების პროდუქტებს აფრქვევს. გამბედაობა, როგორც წესი, ტოიოტას არ ღალატობს — როცა 2001 წელს Prius გამოვიდა, ის არავის სურდა, თუმცა დღეს ბრენდის გლობალურ გაყიდვებში ჰიბრიდები ლიდერობენ.
რატომ წყალბადი?
სატვირთოების დიდ ნაწილს მსოფლიოში კომპანიები ყიდულობენ, რომელთაც ამ ტიპის ტექნიკა საქმიანობისთვის სჭირდებათ. თუ ტრანსპორტი დასამუხტ აპარატთან საათებს ატარებს, ეს მყიდველს სულაც არ აწყობს.
წყალბადი ასეთი ადამიანებისა და კომპანიების სურვილებს შესანიშნავად ერგება — ის მყიდველს სთავაზობს ერთი დამუხტვით შორეულ მოგზაურობაში წასვლის შესაძლებლობას, ავზის სწრაფ შევსებას და თანაბრად ეფექტიან პერფორმანსს ნებისმიერ კლიმატურ კონდიციაში. 
იაპონური კომპანიის აზრით, წყალბადი 2035-2040 წლებში მთავარი საწვავი იქნება.
განსხვავებული ტექნოლოგიები, განსაკუთრებული უპირატესობები და გლობალური სტრატეგია — Toyota Hilux-ის მარტო დატოვებას არ აპირებს და მას დროთა განმავლობაში უფრო და უფრო საინტერესო მოდელად აქცევს.