„იუთუბერმა“ ყველაზე იაფიანი McLaren ჩინური Temu-ს ნაწილებით განაახლა
კალიფორნიაში მცხოვრებმა მამაკაცმა, რომელმაც ყველაზე იაფი McLaren 650S შეიძინა და შემდეგ, Temu-დან გამოწერილი ნაწილებით „განაახლა“, ახლა გადაწყვიტა, რომ თავისი ახალი სუპერქარი 600-კილომეტრიანი მოგზაურობისას გამოეცადა.
„იუთუბერ“ The Inja-სთვის ეს იყო პროექტი, რომელზეც ორი წლის განმავლობაში მუშაობდა მას შემდეგ, რაც ავტომობილი $38 500-ად შეიძინა. რეკონსტრუქციაზე კი ბევრად მეტი, 131 000 აშშ დოლარი დახარჯა. პროექტის დასრულების შემდეგ, ის ავტომობილს რამდენიმე თვის განმავლობაში ყოველდღიურად იყენებდა. „მგონი უბრალოდ მიხარია, რომ მანქანა ჯერ არ აფეთქებულა“, - აღიარა მან თავის გამომწერებთან და თქვა, რომ ახლა საბოლოო გამოცდის დრო დადგა.

თავდაპირველად, The Inja-ს 2-3-დღიანი მოგზაურობა სურდა, რათა კალიფორნიის სანაპიროს ხედებით დამტკბარიყო, თუმცა გარე გარემოებების გამო ამ მანძილის ერთ დღეში დაფარვა მოუწია. მაგისტრალზე მოძრაობისას კი, ის წარსულში არსებულ პრობლემებზე საუბრობდა, მაგალითად საჭეზე, რომელიც 120 კმ/სთ-ით გადაადგილების დროსაც კი ირყეოდა.
საბედნიეროდ, McLaren-მა The Inja-ს საბანკო ანგარიში დაინდო - რადგან „იუთუბერმა“ თქვა, რომ ავტომობილის ხელახლა შეკეთების ფული არ ჰქონდა - და დანიშნულების ადგილამდე დიდი დაბრკოლებების გარეშე ჩააღწია. შესაძლოა საბურავებს მოგვიანებით შეცვლა დასჭირდეს, თუმცა რამე სხვა პრობლემა მოდელს არ შეჰქმნია.
ცნობისთვის, The Inja-მ ავარიული McLaren 650S დაახლოებით 38 500 აშშ დოლარად შეიძინა და მისი აღდგენა Temu-ს ულტრაიაფფასიანი ნაწილების გამოყენებით გადაწყვიტა. მათ შორის იყო ძარას ინდივიდუალური სამოდიფიკაციო პაკეტი, რომელშიც $6 200 გადაიხადა. პროექტის განმავლობაში მან აღბეჭდა მუდმივი სირთულეები - პანელების შეუსაბამობა, საჭის გაუმართაობა, ჰიდრავლიკური გაჟონვა - და ეს „იუთუბ“ სერიების ნაწილად აქცია.