სუვი, SUV, მდიდრული, რეინჯ როვერი
Aa
Aa

ნახეთ, როგორ გამოიყურება ყველაზე ძვირადღირებული Range Rover-ი

ყველაზე მდიდრული რეინჯ როვერი უკვე ოფიციალურად აქ არის... უნიკალურზე უნიკალური კოლაბორაციის შედეგი, რომელიც მდიდრული ავტომობილების მოყვარულებს გაოცებულს დატოვებს. ეს Overfinch Holland & Holland SUV-ია — ის იმ სამ რამეს აერთიანებს, რომელიც მდიდარ ადამიანებს ნამდვილად უყვართ — იარაღი, სასმელი და მართვა (რაღაც ბანქო, ფული და ორი ლულასავით...)

ვინც არ იცით, Overfinch კომპანიაა, რომელიც Range Rover-ებისა და Land Rover-ების უნიკალური მოდიფიკაციების შექმნითაა ცნობილი, ხოლო Holland & Holland ცეცხლსასროლი იარაღების მწარმოებელი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მდიდრული ბრიტანული ბრენდია... 


იარაღების წარმოების ნაწილი ნუ დაგაბნევთ, Land Rover-თან კოლაბორაციაში მას 2014 წელსაც უმუშავია. მიუხედავად ამისა, ეს ორი კომპანიის ურთიერთობის ახალი თავია, რადგან საქმეში Overfinch ჩაერთო და უნიკალური ტრიო მივიღეთ. კოლაბორაციის შედეგი Range Rover L460-ის ბაზაზეა შექმნილი და რაიმე საოცარი ცვლილებები ექსტერიერს სულაც არ ეტყობა.

ავტომობილის გარე ვიზუალში მხოლოდ ორი დეტალი შეიცავალა — უკანა მხარეს დაემატა Holland & Holland-ის ბრენდინგი და ასევე, 23-დუიმიანი მსუბუქშენადნობი დისკები, რომელთაც თვითრეგულირებადი ცენტრალური ხუფი ამშვენებს — ეს ტექნოლოგიაა, რომელსაც ხშირად როლს-როისი მიმართავს, რათა დისკზე გამოსახული ავტომობილის ლოგო მუდმივად სწორ პოზიციაში იყოს. 

სიმდიდრე, ალკოჰოლი და იარაღი

რაც შეეხება ინტერიერს, ის ნამდვილად განსაკუთრებულია. სალონში არსებული გრავირებების სიმრავლე Holland & Holland-ის ძვირადღირებულ ორლულიან სანადირო თოფებს მოგვაგონებს, რაც ულამაზესია. საჭეც, ასეთი იარაღის კონდახის მსგავსად, კაკლის ხის ვინირითაა გაფორმებული.

აი, თუ საბარგულში შეიხედავთ, ამ კოლაბორაციის ნამდვილ არსსაც შეიგრძნობთ — ეს საბარგული სიმდიდრის ყველა ვითარებაში შესაგრძნობადაა დამზადებული — მართლაც, 600 000 დოლარიანი SUV-ით სანადიროდ წასვლა უნიკალური გამოცდილებაა, არა? 

საბარგულის ზედა მხარეს ორ ბოთლ ძვირადღირებულ შამპანურს, ორ ცალ ბროლის ფუჟერსა და დანა-ჩანგლის სრულ ნაკრებს იხილავთ, ხოლო თუ ქვედა უჯრაში შეიხედავთ, კიდევ უფრო გაოცებული დარჩებით, იქ ორი სანადირო თოფის შესანახი სპეციალურ სივრცეები დაგხვდებათ — აქვე ინახება ვისკის 8 ჭიქა და სანადირო ვაზნებიც. 

შესაბამისად, მანქანაში ყველაფერია, რაც ნადირობისა და პიკნიკისთვისაა საჭირო.  

Overfinch-ის CEO-მ განაცხადა, რომ ავტომობილს არაერთი მსურველი ჰყავს და, სავარაუდოდ, გაყიდვების პრობლემა ნამდვილად არ ემუქრება. ფასი, შესაძლოა, ოდნავ მაღალია, თუმცა აუდიტორია, რომლისთვისაც მანქანაა განკუთვნილი, მის გადასახდელად მზადაა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები