აშშ, Ford F-150, Ford F-150 Lightning Pro, ხანძარი, ფორდი
Aa
Aa

Ford-ის პრობლემები გრძელდება | ნოველისის ქარხანაში ხანძარი მესამედ გაჩნდა

ბოლო ორ თვეში უკვე მესამედ, ნოველისის ალუმინის ქარხანაში, ნიუ-იორკში, ხანძარი გაჩნდა, რაც ამერიკული ავტოინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ მიწოდების ხაზს პრობლემებს უქმნის.

აღნიშნული საწარმო ალუმინით არაერთ დიდ ავტომწარმოებელს ამარაგებს — მათ შორის, ფორდს, რომელიც აქ წარმოებულ ალუმინის ფირფიტებს ფლაგმანის — Ford F-150-ის ასაწყობად იყენებს. „ლურჯი ოვალი“ 16 სექტემბრის ხანძარმა იმდენად დააზიანა, რომ F-150-ის სრულად ელექტრო ვერსიის წარმოების გაურკვეველი ვადით შეჩერებაც კი მოუწია. 

 

ასევე იხილეთ: Ford ამერიკის ყველაზე გაყიდვადი ელექტრო პიკაპის წარმოებას შეაჩერებს

 

მესამე ხანძარი 20 ნოემბერს, ქარხნის ზუსტად იმ ნაწილში გაჩნდა, რომელიც 16 სექტემბრის ხანძარმა დააზიანა. მეხანძრეებმა კარგად იმუშავეს და ცეცხლის კერები მალევე გაანეიტრალეს, თუმცა ასეთი შემთხვევების სიხშირე ქარხნის ტექნიკურ გამართულობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. 

წინასწარი შეფასებით, ცეცხლი ცხელი გლინვის დგანის სექციაში გაჩნდა და კრიტიკულად მნიშვნელოვან ნაწილებში სწორედ იქიდან გავრცელდა. 

მთავარი პრობლემა ის არის, რომ შეერთებული შტატების ავტომშენებლობა აღნიშნულ ქარხანაზე ზედმეტადაა დამოკიდებული — აშშ-ის ავტომწარმოებლების მიერ გამოყენებული ალუმინის 40% სწორედ ნოველისში იწარმოება. 

ინციდენტი განსაკუთრებით მძიმე ვითარებაში Ford-ს აყენებს, რომელმაც 16 სექტემბრის ხანძრით, დაახლოებით 1 მილიარდი დოლარის ზიანი განიცადა და ტენესისა და მიჩიგანში 2 ქარხნის დახურვა მოუწია. F-150-ში წონის შესამცირებლად, ალუმინი აქტიურად გამოიყენება. 

თუ ქარხანა ოპერირებას უახლოეს პერიოდში არ განაახლებს, ფორდს კიდევ არაერთი მძიმე ნაბიჯის გადადგმა მოუწევს. ზიანის აღმოსაფხვრელად, ქარხნის მესვეურები გლობალური ქსელიდან ალტერნატიული წყაროების მოძიებას გეგმავს, რათა პარტნიორების ზიანი შეამციროს. 

ასევე, Novelis-ში განაცხადეს, რომ 2026 წელს ალაბამაში ახალი ქარხანა გაიხსნება, რაც წარმოების დივერსიფიკაციას და ერთ ქარხანაზე დამოკიდებულების შემცირებას ემსახურება.  

მსგავსი სიახლეები