ელექტრომობილი, ელექტრომობილები, სასამართლო, VinFast, ვიეტნამი
Aa
Aa

სარჩელი VinFast-ის წინააღმდეგ — ვიეტნამურ ელექტრომობილს დასამუხტად 24 საათი სჭირდება

VinFast ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა და ამჯერად, მიზეზი, ცოტა არ იყოს, სასაცილოა. ელექტრომობილების ვიეტნამურ მწარმოებელს ამჯერად შეერთებულ შტატებში სასამართლო დავა ელოდება. მომხმარებლები ჩივიან, რომ VinFast VF8 Plus AWD-ს ბოლომდე დასამუხტად არც მეტი, არც ნაკლები, 24 საათი სჭირდება. 

რა შეიძლება იყოს მიზეზი?

როგორც წესი, უახლესი ელექტრომობილები საშუალოდ, 6.6 კილოვატის სიმძლავრით იმუხტება — VinFast-ის მომხმარებლების სარჩელში კი ვკითხულობთ, რომ ვიეტნამური ელექტრომობილისთვის ეს მაჩვენებელი 2 კილოვატზე დაბალია — დამუხტვას პირველი თაობის Nissan Leaf-იც კი უკეთ ახერხებდა.

პრობლემა ის არის, რომ კომპანიამ მომხმარებელი მოატყუა — მოსარჩელე მხარე აცხადებს, რომ ისინი დაარწმუნეს, თითქოს მე-2 დონის დამუხტვას მიიღებდნენ — VinFast რეკლამებში აცხადებდა, რომ მათი ავტომობილების დამუხტვა 32 ამპერამდე ძალით იქნებოდა შესაძლებელი. მიუხედავად ამისა, უკმაყოფილო მომხმარებლების განცხადებით, როცა ამის გაკეთებას ცდილობდნენ, ავტომობილები პროგრამული დეფექტის გამო ითიშებოდა. შესაძლებელი მხოლოდ 19 ამპერზე დამუხტვა იყო, რამაც ბატარეის შევსების სიჩქარე 40%-ით შეამცირა.

ყველაზე უარესი კი ის არის, რომ ეს მოულოდნელი გათიშვები გვიან ღამით ხდებოდა, როცა მძღოლებს ეძინათ და დილით ფარეხში არასასიამოვნო სიურპრიზი ხვდებოდათ. სასამართლომ სარჩელი წარმოებაში უკვე მიიღო და მას 2026 წლის 20 თებერვალს განიხილავს. შესაძლოა, ხარვეზი მასშტაბური არ იყოს და საქმე მხოლოდ გამონაკლისთან გვქონდეს, თუმცა იქამდე, ვიეტნამური ელექტრომობილების შეძენას მაინც მოერიდეთ...

მსგავსი სიახლეები