Mercedes მდიდრული ავტომობილების ამერიკულ ბაზარზე ხელახლა გალიდერებას გეგმავს
ერთ დროს აშშ-ის მდიდრული ავტომობილების ბაზრის ლიდერი, Mercedes-Benz დაკარგული ტიტულის დაბრუნებას ეცდება. 2016-2018 წლებში მერსედესი აშშ-ში ყველაზე გაყიდვადი პრემიუმ ბრენდი იყო. დღესდღეობით, ამ ადგილს BMW და Lexus იყოფენ.
2030 წლამდე გათვლილ სტრატეგიაში, მერსედესი გეგმავს, რომ წლიური გაყიდვები აშშ-ში 400000 ერთეულამდე გაზარდოს, რაც მიმდინარე მაჩვენებელს 100 000-ით აღემატება. რა თქმა უნდა, ამ მიზნის მიღწევა მარტივი არ იქნება.
SUV სტრატეგია
გავრცელებული ცნობებით, გერმანული ავტომწარმოებელი ფსონს SUV-ების ხაზზე გააკეთებს და გეგმის თანახმად, GLC-მა, GLE-მ და GLS-მა ჯამური გაყიდვების 55%-ს უნდა მიაღწიონ (ამჟამად ამ სპორტულ უნივერსალებს 40% უჭირავთ).
ამ მიზნის მისაღწევად, მალე კომპანია სრულად ელექტრო GLC-ს გამოუშვებს. ისევე როგორც GLE-სა და GLS-ის განახლებულ ვერსიებს. 
მერსედესის აშშ-ის მიმართულების ხელმძღვანელმა, ადამ ჩემბერლენმა განაცხადა, რომ ამიერიდამ ბრენდი „უფრო მეტს დახარჯავს ამერიკაში, ამერიკისთვის ავტომობილების შესაქმნელად". ეს, როგორც ჩანს, მოიცავს V8-ის ვარიანტების გამრავალფეროვნებას, ისევე როგორც მეტად მომცრო 6-ცილინდრიანი ავტომობილების ძრავების განახლებას.
ცვლილებები შეეხება AMG ბრენდსაც. სრულად ელექტრო ოთხკარიანი AMG GT სადილეროებში 2026 წლის ბოლოს გამოჩნდება და მას 1000 ცხენის ძალაზე მეტის გამომუშავება შეეძლება, რითაც Porsche Taycan-სა Audi e-tron GT-ს გაუწევს წინააღმდეგობას. 
გარდა ამისა, AMG საშუალო ზომის ელექტრო ქროსოვერზეც მუშაობს, რომელიც ცოტა ხნის წინ ლას-ვეგასში წარადგინა.
საინტერესოა, რომ მერსედესი გაყიდვების წახალისებას მხოლოდ ახალი მოდელების ხარჯზე არ გეგმავს. ჩემბერლენის თქმით, კომპანია აშშ-ის მასშტაბით საცალო მოვაჭრეებთან ურთიერთობის გაუმჯობესებას გეგმავს. ამ მიმართულებით, NADA-ს კვლევაში მერსედესი 32 ბრენდიდან 25-ე ადგილზე იყო და მას შემდეგ მე-13 ადგილამდე მივიდა — მიზანი ტოპ 5-ია. როგორც ჩანს, გერმანული ავტომწარმოებელი არ ხუმრობს.