წლების განმავლობაში მიტოვებული კლასიკური Range Rover-ი კვლავ აამუშავეს
WD Detailing-ის გუნდმა 1992 წლის Range Rover Classic-ს, რომელიც წლების განმავლობაში ხავსითა და ობით იყო დაფარული, პირვანდელი სახე დაუბრუნა. მისი 3.9-ლიტრიანი ძრავა კი აამუშავა.
1992 წლის Range Rover-ი მარკმა თავის 16 წლის შვილს, კოდს, 16 წლის დაბადების დღეზე აჩუქა. თუმცა, სამწუხაროდ, კოდი 2011 წელს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა და ამის შემდეგ, ხუთი წლის განმავლობაში, ეს ავტომობილი უძრავად და მიტოვებული იდგა. მოგვიანებით ის მეგობრის ეზოში გადაიყვანა, სადაც კიდევ ექვსი თვე გაატარა.

WD Detailing-ის გუნდმა 1992 წლის Range Rover-ი სწორედ ამ მდგომარეობაში აღმოაჩინა. ავტომობილი ობით იყო დაფარული, ბორბლებს შორის ბალახი იყო ამოსული, ხოლო კაპოტზე წლების განმავლობაში დაგროვილი ჭუჭყი გამაგრებულიყო. მისი სრული ისტორია კი გუნდმა მხოლოდ მას შემდეგ შეიტყო, რაც მფლობელი, მარკი, ადგილზე მივიდა და განმარტა, თუ რატომ დატოვა მან ავტომობილი წლების განმავლობაში უყურადღებოდ.
აღდგენის პროცესი ტექნიკური პრობლემების აღმოფხვრით დაიწყო. მათ შორის, წინა ბამპერიდან დაჟანგული ნაწილების მოსაშორებლად WD Detailing-ის გუნდს დარტყმითი ქანჩსახრახნისის გამოყენება დასჭირდა.

Range Rover-ის კაპოტქვეშ 3.9-ლიტრიანი ძრავა დგას, რომლის სიმძლავრეც 180 ცხენის ძალას, ხოლო მაბრუნი მომენტი 308 ნიუტონმეტრს აღწევს. ალუმინის ბლოკის მქონე აგრეგატი Range Rover-მა General Motors-ისგან ჯერ კიდევ 1960-იან წლებში შეიძინა. 6-წლიანი უმოძრაობის შემდეგ ავტომობილს ნაპერწკლის წარმოქმნისა და საწვავის ინჟექტორების მუშაობის პრობლემაც გაჩნდა.
მექანიკოსმა ადამმა გაუმართაობის მიზეზად ანთების მოდულის დაზიანება დაასახელა. პრობლემას საწვავის ტუმბოს მწყობრიდან გამოსვლაც ართულებდა. თუმცა გუნდმა ორივე პრობლემა აღმოფხვრა, ახალი ტუმბოც დაამონტაჟა და ძრავის წინა ნაწილამდე საწვავის ახალი მილებიც მიიყვანა.
უნდა ითქვას, რომ წარსულშიც ტექნიკურად სრული აღდგენისა ან თანამედროვე ძრავით ჩანაცვლების წყალობით არაერთი კლასიკური Range Rover დაბრუნებია გზებს. ამ შემთხვევაში კი გუნდმა ავტომობილის პირვანდელი კონსტრუქციის შენარჩუნება გადაწყვიტა. სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ კი ქარხნული V8 ძრავა დაიქოქა და სტაბილურადაც ამუშავდა. შედეგად, 5-წლიანი დუმილის შემდეგ, მანქანის აღდგენა საბოლოო გაწმენდითა და ვიზუალური მოწესრიგებით დასრულდა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს