დადასტურებულად, მათე კობახიძე ფორმულა 4-ში იასპარეზებს
ქართული ავტოსპორტის ამომავალმა ვარსკვლავმა, 14 წლის მათე კობახიძემ, გაერთიანებულ სამეფოში F4 Gen 2-ის ტესტები წარმატებით გაიარა. ოფიციალურად, ქართველი პილოტი „ფორმულა 4“-ში იასპარეზებს. კობახიძე XCEL-ის გუნდს შეუერთდება.
Xcel Motorsport-ი 2015 წელს დაარსდა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში პროფესიონალური ავტოსპორტის ერთ-ერთი წამყვანი გუნდია - როგორც კარტინგში, ასევე „ფორმულა 4“-ში. Xcel-ი კარტინგში მსოფლიოსა და ევროპის ვიცე-ჩემპიონია, ხოლო „ფორმულა 4“-ში 2019, 2020 და 2021 წლების გუნდისა და მრბოლელთა თასის მფლობელი.

F4 Gen 2-ის ტესტების წარმატებით გავლის შემდეგ, ახლა უკვე მათე ტესტირებებს ბარსელონაში გაივლის, სადაც მომდევნო ორ კვირაში ვარჯიშებია დანიშნული.
ცნობისთვის, მათე კობახიძე კარტინგში რამდენიმე წელია წარმატებით ასპარეზობს — სულ რაღაც 12 წლის ასაკში პრესტიჟულ Rotax Max Nordic Challenge-ში არაერთი პოლ პოზიცია და გამარჯვება მოიპოვა. გარდა ამისა, კობახიძე კარტინგში საქართველოს ორგზის ჩემპიონიცაა.
ქართველი მრბოლელის ტრიუმფით დასრულდა 2025 წლის ივნისში ევროპის ჩემპიონატის მე-2 ეტაპიც, რომელიც ჩეხეთში, Steel Ring არენაზე გაიმართა. პოდიუმზე სამივე ადგილი Dan Holland Racing-ის მძღოლებმა დაისაკუთრეს, კობახიძემ კი ყველაზე მაღალი საფეხური დაიკავა.