ბათუმის შემოვლით გზაზე ერთი თვით მოძრაობა იზღუდება
მომდევნო ერთი თვის განმავლობაში, ბათუმის შემოვლით გზაზე, ღამის საათებში საავტომობილო მოძრაობა იზღუდება. შეზღუდვა შეეხება საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი–ფოთის (ასაქცევი) – სარფის საავტომობილო გზას (ბათუმის შემოვლითი გზა), სადაც ამ პერიოდში გვირაბების ელექტრო და მექანიკური სისტემების მონტაჟის სამუშაოები ჩატარდება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზის კმ 92–კმ 105 მონაკვეთზე (ბათუმის შემოვლითი გზა) 2025 წლის 27 ნოემბრიდან ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება ღამის საათებში. კერძოდ კი, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 0:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე და შაბათ-კვირას, 02:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე.
როგორც გითხარით, ბათუმის შემოვლით გზაზე გადაადგილების შეზღუდვა ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება და გუშინ, 27 ნოემბრის 00:00 საათზე უკვე ამოქმედდა.
რაც შეეხება ალტერნატიულ მარშრუტებს: შეზღუდვის პერიოდში, ფოთი-სარფის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტი გადაადგილებას შეძლებს სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 92-ე კმ-ზე არსებული მახინჯაურის სატრანსპორტო კვანძის გამოყენებით, ქალაქ ბათუმის გავლით და დაუკავშირდება სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზას 109-ე კმ-ში. ხოლო, სარფი-ფოთის მიმართულებით ავტოტრანსპორტი იმოძრავებს პირიქით.