Countach-ით დაწყებული Lambo-ების საიდუმლო კოლექცია | ვინ არის $100-მილიონიანი Egoista-ს მფლობელი
1979 წლიდან, თავისი პირველი Lamborghini Countach LP400 S-ის შეძენიდან, შვეიცარიელმა ბიზნესმენმა ალბერტ სპისმა თავისი ქონების ნაწილი აკვიატებულ ოცნებას მიუძღვნა: შეეძინა პლანეტაზე ყველაზე იშვიათი Lambo-ები. ამ ამბიციამ კი აიძულა, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული კოლექცია შეექმნა, რომლის შესახებაც საჯაროდ არასდროს უსაუბრია.
ეს ყველაფერი Countach-ით დაიწყო. შედეგად, 1979 წელი მისთვის გარდამტეხიც აღმოჩნდა. ამ შენაძენმა უბიძგა ნაკლები დრო დაეთმო ოჯახური ბიზნესისთვის და იშვიათი Lamborghini-ების კოლექცია შეექმნა. მალევე მან თავის ავტოფარეხს Lamborghini Miura SV და Lamborghini Silhouette შემატა და ექსკლუზიური მოდელების სამყაროშიც გადაინაცვლა.

უიშვიათესი მოდელებისადმი სწრაფვას თან ახლდა იტალიური ავტომწარმოებლის ევოლუციაც. ერთ-ერთი პირველი სუპერექსკლუზიური მოდელი, რომელიც Lambo-მ გამოუშვა Reventón-ი იყო, 2009 წელს, მას შემდეგ კი ვიხილეთ Lamborghini Sesto Elemento (2010), Lamborghini Veneno (2013), Lamborghini Centenario (2017), Lamborghini Sián (2019) და Lamborghini Countach LPI 800-4 (2021). და, რა თქმა უნდა, სპისმა თითოეული მათგანი შეიძინა, რათა მისი კოლექცია გაემდიდრებინა.

მის თითოეულ შენაძენზე საუბრისას, სპისი ავლენს ემოციას, რომელიც უბრალო შეგრძნებებს სცდება. მან Reventón Roadster-ი ამ მოდელის დიზაინისა და რა თქმა უნდა, V12 ძრავის გამო აირჩია. საბოლოოდ კი, Lamborghini Aventador-მდეც მივედით. ხოლო სპისი, მისმა ფავორიტმა, Sesto Elemento-მ, თავისი არაჩვეულებრივი სიმსუბუქითა და ტექნიკური მახასიათებლებით მოხიბლა.

როგორც ამბობს, Veneno Roadster-ი დიზაინით კოსმოსურ ხომალს წააგავს, ხოლო აღფრთოვანება, რომელსაც Centenario-ს მსგავსი უიშვიათესი და უნიკალური მანქანის ფლობით გრძნობდა, არაფერ სხვას შეედრებოდა. შემდეგ კი გამოჩნდა Sián Roadster-ი, პირველი, ჰიბრიდული ძრავის სისტემით და Countach LPI 800-4, რომელიც მან „Countach-ის პირველი პროტოტიპისთვის პატივის მისაგებად“ შეიძინა.
სპისის თქმით, მისი მოტივაცია სტატუსი კი არა, ვნება, დიზაინისა და ინჟინერიისადმი პატივისცემა და აღფრთოვანებაა, რომელსაც ის ყოველ ჯერზე განიცდის, როდესაც ამაჩქარებელზე ფეხს ადგამს: „ყოველ ჯერზე, როცა მანქანას ვყიდულობ, ისეთივე აღფრთოვანებული ვარ, როგორც პირველად, როდესაც ჩემი პირველი Countach-ი შევიძინე“ - აღიარა მან.

როგორც ამბობენ, სპისმა უნიკაკლურ Lamborghini Egoista-ში, ერთადგილიან კონცეპტუალურ მანქანაში, რომელიც ავტომწარმოებელმა 2013 წელს წარადგინა და და წლების განმავლობაში ბრენდის მუზეუმში ინახებოდა, 100 მილიონი ევრო გადაიხადა. ეს ამბავი დღემდე ჭორად რჩება, რასაც შვეიცარიელი არც უარყოფს და არც ადასტურებს.