აუქციონი, Ford Mustang, ფორდი, ფორდ მუსტანგი, Ford Mustang Mach 1
Aa
Aa

როგორ გამოიყურება Mustang Mach 1, რომელსაც 49 წლის განმავლობაში ერთი მფლობელი ჰყავდა

1970-იანი წლების მასლქარებს თითქმის უნაკლო მდგომარეობაში დღესდღეობით იშვიათად თუ შევხვდებით. ეს ერთ-ერთი ასეთი შემთხვევაა — 1971 წლის Ford Mustang Mach 1, რომლის ოდომეტრიც, სულ რაღაც, 5219 მილს აჩვენებს და მფლობელიც ბოლო 49 წელია ერთი და იგივეა... 

ეს შესანიშნავად შემონახული მუსტანგი პენსილვანიაში, დასავლეთ ჩესტერში, Bring a Trailer-ის აუქციონზე გაიყიდება. აღწერაში ვკითხულობთ, რომ ერთადერთ მფლობელს ის 21 წლის იუბილეზე აჩუქეს და Mach 1 2020 წელს გარდაცვალებამდე მისივე მფლობელობაში იყო. 


მართლაც, ალბათ ნებისმიერი ავტომოყვარული ინატრებდა თეთრ მუსტანგს შავი ზოლებით, შავი სპოილერით, Ram Air-ის კაპოტით, შეფერილი მინებითა და 15-დუიმიანი Magnum 500 დისკებით. ალბათ, გავლილი მანძილის სიმცირის (10 000კმ-ზე ნაკლები) გათვალისწინებით, სიურპრიზი არ არის, რომ ექსტერიერი იდეალურ მდგომარეობაშია — როგორც საღებავი, ისე თითოეული დეტალი 1970-იანი წლებიდანაა შემორჩენილი. 

რაც შეეხება ინტერიერს, ის, ფაქტობრივად, ხელუხლებელია. შავი სავარძლები ვინილის ჩანართებით, ვერცხლისფერი ხაზები და ხის აქცენტები. კომპლექტში შედის უკანა მინის გათბობა, AM/FM სტერეოსისტემა და მცირე წარწერა სიჩქარეთა გადამრთველთან, რომელზეც ავტომობილის გამოშვების თარიღს ვკითხულობთ: 1971 წლის 16 აგვისტო.


ტრანსმისია ტრადიციულია — Cleveland V8 ძრავა, რომელიც 285 ცხ.ძ-ს გამოიმუშავებს და ამ სიმძლავრეს ოთხსიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფით უკანა თვლებს აწვდის. აუქციონზე გასვლამდე შეიცვალა მხოლოდ საწვავის ტუმბო, საწვავსადენები და კარბიურატორი. შესაბამისად, თუ შემდეგი მფლობელი მაინც გადაწყვეტს, რომ ფარეხში დაყენების ნაცვლად, მუსტანგი ნამდვილად მართოს, ამაში ხელს არაფერი შეუშლის. 

აუქციონი ამჟამად მიმდინარეობს, საბოლოო ფასი, ჯერჯერობით, ცნობილი არ არის, თუმცა შეთავაზებები 60 000 დოლარს უკვე გასცდა — თუ ჩართვას გადაწყვეტთ, ეს მალე უნდა გააკეთოთ, რადგან დრო იწურება...

მსგავსი სიახლეები