Ford ევროპაში Renault-ის მიერ შექმნილ და აწყობილ ავტომობილებს გაყიდის
შეიძლება ითქვას, Ford, განსაკუთრებით კი მისი ევროპული წარმომადგენლობა წარსულის აჩრდილია და კონკურენციაში სხვა ბრენდებს მნიშვნელოვნად ჩამორჩა. ეს, რა თქმა უნდა, გაყიდვებზეც აისახა — თუ 2005 წელს ლურჯი ოვალი ევროპაში 1.2 მილიონ ავტომობილს ყიდდა და ბაზრის 8.3%-ს იკავებდა, 20 წლის თავზე გაყიდვების რიცხვი 256 750-მდე, ხოლო ბაზრის წილი 2.9%-მდე დაეცა.
მას შემდეგ, რაც ამ დეკადაში ამერიკულმა მწარმოებელმა Ka, Fiesta, Focus და Mondeo — საკმაოდ კარგად გაყიდვადი მოდელები — მოიშორა, ამჯერად თავის გადასარჩენად მორიგ ალიანსს მიმართავს. თუ მცირე ხნის წინ Ford-ისა და Volkswagen-ის კოლაბორაცია ვიხილეთ, რომლის შედეგებიც ID.4-ზე დაფუძნებული Explorer და ID.5-ზე დაფუძნებული Capri იყვნენ, ამჯერად ამერიკელები ფრანგულ ბრენდს, Renault-ს მიმართავენ. 

მიუხედავად იმისა, რომ მომავალი ელექტრომობილების ინჟინერია სრულად რენოს მოვალეობა იქნება, Ford ირწმუნება, რომ ეს ავტომობილები „ფორდის უნიკალურ, ავთენტურ დნმ-სა და მართვის გამორჩეულ დინამიკას შეინარჩუნებენ“. ეს მოდელები, რომელთაგანაც პირველ ორს 2028 წლის დასაწყისში უნდა ველოდოთ, პლატფორმა Ampere-ზე შეიქმნება.
ჯერჯერობით, ახალი მოდელების შესახებ ინფორმაციას როგორც ფრანგული, ისე ამერიკული მწარმოებლები მალავენ, თუმცა თუ პლატფორმას შევხედავთ, წესით ისინი მცირე ზომის იქნება. AmpR Small არქიტექტურა ისეთი მოდელების მიღმა დგას, როგორებიც Twingo, Renault 4, Renault 5, Alpine A290 და Nissan Micra არიან, ხოლო AmpR Medium-ი Megane-ს, Scenic-იც, Alpine 390-ისა და Nissan Ariya-ს ბაზაა. 
ვინაიდან Ford აცხადებს, რომ დიდი შრომა დაიხარჯება, რათა Renault-ის პარალელური მოდელებისაგან განსხვავებული მოდელები შეიქმნას, მოსალოდნელია, რომ ცვლილება იმაზე დიდი იქნება, ვიდრე ეს Nissan Micra-ს შემთხვევაში მოხდა, რომელიც, შეიძლება ითქვას, ლოგოშეცვლილი Renault R5-ია. როგორი ფორმაც არ უნდა მიიღონ ახალმა მოდელებმა, შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ისინი Ka-ს, Fiesta-ს, Focus-ისა და Mondeo-ს პირდაპირი „მემკვიდრეები“ არ იქნებიან, ვინაიდან თითოეული მათგანი შიგაწვისძრავიანი მოდელი იყო, ახლები კი სრულად ელექტრომობილებად არიან ჩაფიქრებული.
გარდა ამისა, კომპანიები შეთანხმდნენ იმაზეც, რომ გარდა მსუბუქი ავტომობილებისა, ერთობლივად შექმნიან მცირე ზომის ფურგონებსაც.