აუქციონი, რესტავრაცია, ბრუნეის სულთანი, მაკლარენი, მაკლარენ ეფ1
Aa
Aa

$500 000-იანი რესტავრაციით, ბრუნეის სულთნის F1-მა რეკორდულ ღირებულებას მიაღწია

აბუ-დაბიში გამართულ აუქციონზე, McLaren F1, რომელიც მსოფლიოში მხოლოდ 64 ეგზემპლარადაა წარმოებული, 25 317 500 აშშ დოლარად გაიყიდა. ავტომოყვარულებს შორის, რომელთაც ექსკლუზიურობა უფრო და უფრო იზიდავთ, ეს კიდევ ერთი შეხსენებაა იმისა, რომ F1 შესაძლოა, კვლავ ბოლო სამი ათწლეულის ყველაზე სასურველი მაღალი ხარისხის ავტომობილია.

McLaren F1, შასით ნომერი 14, თავდაპირველად ბრუნეის სულთანს გადაეცა. ქარხნულად ეს მოდელი ტიტანის ყვითელ ფერში იყო გადაწყვეტილი, შავი ტყავითა და ალკანტარა ინტერიერით. მისი ქარხნული სახით ნახვა წარმოდგენილ ფოტოებზე თავადაც შეგიძლიათ. თუმცა სუპერქარის ერთ-ერთმა უკანასკნელმა მფლობელმა მისი სრულად გარდაქმნა განიზრახა. 

სულთნის კოლექციის სხვა ავტომობილებისგან განსხვავებით - რომელთაც წლები ფარეხში მტვერი ედებოდა - F1-მა „თავის დაღწევა“ მარტივად მოახერხა. ბრუნეის სულთნის ავტოფარეხის დატოვების შემდეგ კი გაერთიანებულ სამეფოში აღმოჩნდა და McLaren Cars-ის ყოფილი დირექტორის კერძო კოლექციაში მოხვდა. აქედან უკვე ნიუ-იორკსა და კალიფორნიაში გადაინაცვლა, თუმცა 2007 ის სრული რესტავრაციისთვის McLaren-ის შტაბ-ბინაში დააბრუნეს.

რესტავრაციის შემდეგ, F1-დან ყვითელი ფერი სრულად გააქრეს და ის Ibis White-ში გადაღებეს. მოდელისთვის სპეციალური პაკეტი, High Downforce Kit-ი შეირჩა, რომელიც ფიქსირებულ უკანა ფრთას და F1 GTR-ისა და F1 LM-ის შთაგონებით შექმნილ დეტალებს მოიცავდა. ამას LM-ის სპეციფიკაციების შესაბამისად განახლებული ინტერიერი დაემატა, მათ შორის მძღოლისთვის განკუთვნილი ახალი სავარძელი.

როგორც ამბობენ, ამ მოდელის რესტავრაცია $500 000-ზე მეტი დაჯდა და ეჭვგარეშეა, რომ ამან აუქციონზე ავტომობილის რეკორდულ შეფასებაშიც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. ისედაც აღსანიშნ წარმომავლობასთან ერთად კი, ამ სუპერქარს თავისი სარბოლო ისტორია ექსტერიერზეც კი აწერია. მარტივად დაინახავთ, რომ გვერდითა რაფაზე მიხაელ შუმახერის ხელმოწერაა, რომელიც ჯერ კიდევ იმ დროიდანაა შემონახული, როდესაც ეს მოდელი ბრუნეის სულთნის საკუთრებაში ირიცხებოდა.

 

მსგავსი სიახლეები