Ford-ის CEO ევროპელ კანონმდებლებს აფრთხილებს | თუ არაფერს ვიღონებთ, ბაზარზე ჩინელები გამეფდებიან
Ford-ის აღმასრულებელი დირექტორი, ჯიმ ფარლი მოუწოდებს ევროკავშირს, რომ ელექტრომობილებთან მიმართებით უფრო პრაგმატული პოლიტიკა შეიმუშაოს, რადგან ამის გარეშე, მისი თქმით, რეგიონში გამოუსწორებელ დომინაციას სწრაფად მზარდი ჩინური კომპანიები დაამყარებენ. 
Financial Times-თან საუბარში, ფარლიმ ევროპელი პოლიტიკოსები არარეალისტური რეგულაციების შემოღებასა და არათანმიმდევრულობაში დაადანაშაულა — Ford-ის CEO-მ დაამატა ისიც, რომ ხშირად შემოღებული პოლიტიკები ერთ წელიწადში უქმდება, რაც „არეულობის რეცეპტია“, ეს კი ავტომწარმოებლებს მილიარდებს აკარგვინებს და მეტად კომპლექსურს ხდის პროდუქტის შექმნასა და მიწოდების ჯაჭვებს.
ახალი მიდგომა — ფარლის იდეა
გასულ კვირას თეთრ სახლში საუბრისას, ჯიმ ფარლიმ ევროპაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა — მისი თქმით, ელექტრომობილები ბაზრის წილის, დაახლოებით, 16%-ს იკავებენ, რაც ბრიუსელის მიერ 2025 წლისთვის პროგნოზირებულ 25%-ს მნიშვნელოვნად ჩამორჩება. 
„რეგულაციური მიდგომა — ბრძანე და ისინი იყიდიან — ჩაფლავდა. ნახშირბადის რეგულირების მიზნები ბაზარს რეალურად უნდა მოვარგოთ და მივცეთ ავტომწარმოებლებს რეალისტური და სანდო 10-წლიანი პერიოდი. ეს მოიცავს, მათ შორის, შესაძლებლობის მიცემას მომხმარებლისთვისაც, რათა ჰიბრიდული ავტომობილები უფრო ხანგრძლივად მართონ და ხიდი აშენდეს უფსკრულზე ნაცვლად იმისა, რომ ვუბიძგოთ მათ, რათა გადახტნენ და ელექტრომობილები შეიძინონ, რისთვისაც მზად არ არიან“ — განაცხადა ფარლიმ.
ფორდის აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა ისიც, რომ ევროპულმა ავტომწარმოებლებმა ელექტრომობილების წარმოებაზე გადასვლას უკვე ასეულობით მილიარდი დაახარჯეს, რის დასაბალანსებლადაც მნიშვნელოვანია, მთავრობებმა აიღონ პასუხისმგებლობა და წაახალისონ გაყიდვები, მოაწყონ დამმუხტველი ინფრასტრუქტურა ისე, რომ ის თანამედროვე, მჭიდრო დასახლებებს გასცდეს და ისეთივე ხელმისაწვდომი იყოს, როგორც ბენზინგასამართი სადგურებია. 
ჩინეთიდან მომავალი საფრთხე
ლურჯი ოვალის ბოსი მხოლოდ მთავრობის პოლიტიკით არ არის შეწუხებული — მისი თავისტკივილი ჩინელი ავტომწარმოებლების სწრაფი ზრდაცაა. ბატარეების ტექნოლოგიებში ძალიან დიდი რესურსითა და რეგულაციების სიმწირით, ჩინეთი სულ ცოტა ხანში ევროპულ ბაზარს ელექტრომობილებით წალეკავს. გასულ წლებში ჩინურმა EV ბრენდებმა ბაზრის წილი, სულ მცირე, გააორმაგეს. 
ასევე იხილეთ: ჩინეთი საავტომობილო ბაზრის კიდევ უფრო იაფი ელექტრომობილებით წასალეკად ემზადება
ფარლის თქმით, ევროკავშირში ავტომობილების წარმოება ახლა ბევრად დაბალ ნიშნულზეა, ვიდრე ეს პანდემიამდე პერიოდში იყო — ქარხნები იხურება და მხოლოდ 2024 წელს 90 000 სამუშაო ადგილი გაქრა საავტომობილო ინდუსტრიაში.
ეს ჰიპოთეტური საფრთხე არ არის და ჩინური ავტომწარმოებლები აშკარად ევროპელ პოლიტიკოსებზე სწრაფად მოქმედებენ. ბოლოს კი, ფარლიმ დააზუსტა, რომ ინდუსტრია გადარჩენასა და პროტექციონიზმს არ ითხოვს — კომპანიებმა თავადაც ძალიან ბევრი უნდა იმუშაონ რესტრუქტურიზაციისთვის, თუმცა ამ პროცესში კანონმდებლებმა, სხვა თუ არაფერი, მათ ხელი მაინც არ უნდა შეუშალონ.