Subaru-მ ახალი მოდელი, Uncharted გამოუშვა — ნახეთ, როგორი იქნება მორიგი იაპონური ქროსოვერი
Subaru-მ ახალი მოდელი წარადგინა, რომელიც ძალიან საინტერესოდ გამოიყურება. ეს Subaru Uncharted-ია, რომელიც ავტოსალონებში მომავალი წლიდან გამოჩნდება და მისი საბაზისო ვერსია 35000$ ეღირება.
Uncharted Premium FWD, ყველაზე ბიუჯეტური კომპლექტაცია, პირველი წინა ამძრავი სუბარუ იქნება, რომელიც ბოლო რამდენიმე ათწლეულში აშშ-ში გაიყიდება. ამ გადაწყვეტილებით, შეიძლება ითქვას, რომ Subaru-მ Toyota-ს მიჰბაძა, რომელმაც ანალოგიური გადაწყვეტილება C-HR-ის შემთხვევაში მიიღო. მართალია, ორიგინალურობაში პლუსებს ვერ დაიწერს, თუმცა Uncharted აღჭურვილია LED ფარებით, წვიმის მიმართ მგრძნობიარე მინამწმენდითა და სენსორული ზევით ასაწევი უკანა კარით. ქროსოვერს ასევე ექნება 208მმ-იანი კლირენსი (მანძილი გზის ზედაპირსა და მოცემული ავტოსატრანსპორტო საშუალების ყველაზე დაბლა განლაგებულ ნაწილს შორის) და 18-დუიმიანი დისკები. 
რაც შეეხება ინტერიერს, ის მეტად მინიმალისტურია, 7-დუიმიანი ციფრული ინსტრუმენტების პანელითა და 14-დუიმიანი მულტიმედიის მონიტორით, რომელიც Android Auto და Apple CarPlay სისტემებისთვისაა თავსებადი.
მიხვდებოდით, რომ მოულოდნელი და შოკისმომგვრელი ამ მოდელში არაფერია — წინა სავარძლების გათბობა და 10-მხრივი მოძრაობა მძღოლის სურვილებისათვის იდეალურად მოსარგებად, ტყავშემოკრული საჭე, ორზონიანი ავტომატური კლიმატკონტროლის სისტემა, 6-დინამიკიანი აუდიოსისტემა და ციფრული გასაღების ტექნოლოგია. 
სუბარუ მომხმარებელს სთავაზობს მძღოლის ასისტენტ სისტემა EyeSight-საც, რომელიც ხაზების კონტროლსა და საავარიო სიტუაციების არიდებაში დაგეხმარებათ.
ავტომობილის სიმძლავრე დამოკიდებულია 74.7 კვტ.სთ-იან ბატარეაზე, რომელიც წინა მხარეს განლაგებულ ელექტროძრავას მუხტავს — საკუთრივ ეს ელექტროძრავა კი 221 ცხ.ძ-ს გამოიმუშავებს. რაც შეეხება ერთი დამუხტვით გავლილ მანძილს, Uncharted ამ მიმართულებითაც საკმაოდ ეფექტურ 483კმ-ს აჩვენებს და 10-დან 80%-მდე დამუხტვას 28 წუთს ანდომებს.
მოდელის სპორტული ვერსია, Uncharted Sport 40000$ ეღირება და დიზაინში ცვლილებებთან ერთად, უფრო მძლავრ პერფორმანსსაც შემოგთავაზებთ. ეს ვერსია სრულად ამძრავია და მისი ორი ელექტროძრავა 338 ცხ.ძ-ს გამოიმუშავებს. თუმცა, პერფორმანსის ხარჯზე, შემცირებულია ერთი დამუხტვით გავლადი მანძილი — Uncharted Sport 450 კმ-ს გაგატარებთ. 

ყველაზე ძვირი კი Uncharted GT იქნება — მის შეძენას, დაახლოებით, 44000$-ად შეძლებთ. 20-დუიმიან ბორბლებთან ერთად, ამ ვერსიაში პანორამულ ჭერსა და უფრო აგრესიულ დიზაინსაც შევხვდებით. ინტერიერის ცვლილებები მინიმალურია — იმდენად მინიმალური, რომ აღსანიშნავი მხოლოდ უკანა სავარძლების გათბობა და 11-დინამიკიანი Harman Kardon-ის აუდიოსისტემაა. რაც შეეხება ძალურ აგრეგატს, ის Uncharted Sport-ის მსგავსია, თუმცა შედარებით დიდი ზომის დისკების „დამსახურებით", ერთი დამუხტვით გავლადი მანძილი 15კმ-ით, 435კმ-მდე მცირდება.